Baby Bag

97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია

97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია

97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია. ის, ქალაქ საჩხერეში 1922 წელს დაიბადა, 1942 წელს დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია - ბიოლოგიის ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლაში ის 1946 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა.

„ჩემი უმთავრესი მიზანი იყო ბიოლოგიის სწავლება სახალისო და საინტერესო გამეხადა. ამისთვის, სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებდი ფილმებს, მოსწავლეებთან ერთად ვამუშავებდი სათბურს, სადაც მათ ნერგების გამოყვანა შევასწავლე და მათ საშუალება ჰქონდათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ; მსგავსი მეთოდი გამოვიყენეთ ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებაშიც და სკოლის აუზში მოვაშენეთ სხვადასხვა ჯიშის თევზები, რაც განსაკუთრებით დაეხმარა მოსწავლეებს ბიოლოგიის სრულფასოვნად შესწავლაში,“ - იხსენებს  ვენერა ცარციძე.

როგორც სკოლის დირექტორი, ლია გომართელი აღნიშნავს, ქალბატონი ვენერა ყოველთვის გამოირჩეოდა სწავლების განსაკუთრებული მიდგომებით.

„ის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას; ბიოლოგიის კაბინეტი აღჭურვილი ჰქონდა მრავალფეროვანი რესურსებით. გარდა სასკოლო მეცადნიეობებისა, უძღვებოდა ბიოლოგიის წრესაც. ამ ყვეაფრის შედეგად, მისი მოსწავლეები ყოველთვის წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ და რაიონულ კონფერენციებში,“- ამბობს დირექტორი.

ქალბატონ ვენერა ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“. 1984 და 1989 წლებში ქალბატონ ვენერა ცარციძეს საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მიერ უფროსი მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

30 აპრილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის გადაწყვეტილებით ვენერა ცარციძეს მიენიჭა ​„დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება.

წყარო - ​მასწავლებლის სახლი

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მათ განცხადებას:
„ძვირფასო მასწავლებლებო,
მოგეხსენებათ, რომ „საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების განსხვავებული თარიღის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 22 დეკემბრის N1402796 ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2021-2022 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები განისაზღვრა 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით. შესაბამისად 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასრულდა 2021 წლის 28 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ელექტრონულ ჟურნალში უნდა უზრუნველყონ მოსწავლეების შეფასებებისა და დასწრების ასახვა.
მას შემდეგ, რაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ყველა მოსწავლის ჭრილში ზუსტია, მათ უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დადასტურება N1 დანართით წარმოდგენილი ინსტრუქციის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ ჟურნალის დადასტურების ფუნქცია უკვე აქტიურია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის და დადასტურების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 იანვარი. აქვე გაცნობებთ, თუ მასწავლებელი აღნიშნულ რიცხვამდე არ უზრუნველყოფს ჟურნალში ინფორმაციის დროულ ასახვასა და მის დადასტურებას, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე.

გაცნობებთ, რომ ელექტრონული ჟურნალი სემესტრულ შეფასებას ითვლის მასწავლებლების მიერ ასახული შეფასებების (შემაჯამებელი დავალება/შემაჯამებელი დავალების აღდგენა, დამოუკიდებელი სამუშაო/საშინაო დავალება, საკლასო დავალება) საფუძველზე, რომელთაც ელექტრონულ ჟურნალში მონიშნული აქვთ ღილაკი „მონაწილეობს სემესტრული ნიშნის გამოთვლაში“. შესაბამისად, თუ მასწავლებელი მიიჩნევს, რომ მოსწავლის სემესტრული შეფასება არ არის ზუსტი, მან უნდა გადაამოწმოს N2 დანართით განსაზღვრული პირობები და იმოქმედოს აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საგნის მასწავლებელი ზემოხსენებული ინსტრუქციის შესაბამისად ვერ შეძლებს შეფასებების ასახვას ელექტრონულ ჟურნალში წაშლილი გაკვეთილების გამო (წაშლის მიზეზი შესაძლებელია იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სკოლის სწავლების ტიპის არასწორად შეცვლა, წაშლა და ა.შ.), მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით, მასწავლებელს უფლება აქვს თავად დააკორექტიროს და შეიტანოს მოსწავლის სემესტრული შეფასება N3 დანართით წარმოდგენილი ინსტრუქციის შესაბამისად 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათამდე და უზრუნველყოს ჟურნალის დადასტურება, ჟურნალის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, აღნიშნული ფუნქციონალის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ზემოხსენებული ვითარების შემთხვევაში, ვინაიდან სხვა შემთხვევებში ელექტრონული ჟურნალი იძლევა შესაძლებლობას მასწავლებელმა ასახოს შეფასებები (შემაჯამებელი დავალება/შემაჯამებელი დავალების აღდგენა, დამოუკიდებელი სამუშაო/საშინაო დავალება, საკლასო დავალება) გასული თარიღით მოთხოვნების ფუნქციის გამოყენებით (იხ. დანართი N4). შესაბამისად, ელექტრონული ჟურნალი გადაითვლის ახლადასახული შეფასებების საფუძველზე მოსწავლის სემესტრულ შეფასებას მათი ასახვიდან არაუგვიანეს 24 საათში (სინქრონიზაციის დასრულებისთანავე).

გისურვებთ წარმატებებს!

(ქვემოთ მოცემულ ბმულზე, ნახავთ თანდართულ ფაილებს ინსტრუქციის სახით.
ინსტრუქციები ასევე გადმოგზავნილი გაქვთ თქვენს outlook-ის ელექტრონულ ფოსტაზე).
წაიკითხეთ სრულად