Baby Bag

​პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საყურადღებოდ!

​პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საყურადღებოდ!

განათლების კვლევებისა და მეცნიერების განვითარების ცენტრი პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა საყურადღებოდ ​პედაგოგიური კვლევის დისტანციური კურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, თუმცა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ მოქმედ პედაგოგებს.

კურსის ფარგლებში მომზადებულია დისტანციური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს :

1. რა არის კვლევა? პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობა.
2. კვლევის მეთოდები (რაოდენობრივი და თვისებრივი)
3. კვლევის ინსტრუმენტები , კვლევის გეგმის შემუშავება და პროცედურები
4. მონაცემის სახეები და მათი დამუშავება
5. კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და ვიზუალური რეპრეზენტაცია
6. კვლევის ეთიკა

კურსზე რეგისტრაცია 12 აგვისტოს დაიწყება, აპლიკანტების რაოდენობა კი შეზღუდულია.

ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო კურსისთვის აპლიკანტები შეირჩევიან მერიტოკრატიული პრინციპებით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:

1. პროფესიული მოტივაცია - 30%
2. ცოდნის დისემინაციის სქემა - 30%
3. სასწავლო კურსის საჭიროების დასაბუთება - 40%

შერჩევისას ასევე გათვალისწინებული იქნება:

1. შერჩეული აპლიკანტების გეოგრაფიული დანაწილება (რეგიონების თანაბარი ჩართულობა)
2. გენდერული ბალანსი

წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების სერტიფიკატებს.

კურსში მონაწილეობა უფასოა.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით განათლების კვლევებისა და მეცნიერების განვითარების ცენტრს ​ამ გ​ვერდზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი ქიმიის, ფიზიკისა და მათემატიკის წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი ქიმიის, ფიზიკისა და მათემატიკის წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს.

კონკურსების შედეგად გამოვლინდება:

  • 2019 წლის ქიმიის საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2019 წლის ფიზიკის საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2019 წლის მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2019 ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებელი;

თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ქიმიის, ფიზიკისა და მათემატიკის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

რეგისტრაციის ვადა: 11 ოქტომბერი 2019 –25 ოქტომბერი 2019

კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით;

ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);

გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა - რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;

დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;

ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება - რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;

ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.

ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება - რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).

თ) სამომავლო განვითარების გეგმები - რაც გამოვლინდება სამომავლო გეგმების შეფასებით, თანმიმდევრულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით.

რეგისატრაციისათვის ეწვიეთ ბმულს - ​კონკურსზე რეგისტრაცია

აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

საკონკურსო ვიდეოები (მაქსიმუმ 5წთ.) გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

წაიკითხეთ სრულად