Baby Bag

„ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს...“

„ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს...“

ელეონორა (ელიკო) ქუთათელაძე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ინგლისურ ენას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„უნივერსიტეტის მერხიდან პირდაპირ სკოლაში შემოვედი. არ მქონდა დიდი ხნით დარჩენა გადაწყვეტილი, თუმცა შემოვდგი ფეხი თუ არა, ისე შემიყვარდნენ ჩემი მოსწავლეები, ისე მომეწონა ჩემი პროფესია, რომ დარჩენა გადავწყვიტე. სწორედ ამ სიყვარულმა გამაძლებინა დღემდე სკოლაში და ეს სიყვარული მაცოცხლებს. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა ძალიან ბევრ კარგ ახალგაზრდასთან, ინტელექტუალურ ბავშვებთან.

კარგი მასწავლებელი ბავშვის მეგობარი უნდა იყოს. მათში მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააღვიძოს, რაც, საბოლოოდ, მათ პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემამ დაფასებულად მაგრძნობინა თავი და პროფესიიდან გასვლა გამიადვილა,“ - აღნიშნა ელეონორა ქუთათელაძემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„შენი შვილის კლასში შეიხედე, შენს ნაპირს მოუარე, სადაც შენ ხარ, იმ პირობებში მოაწესრიგე რაღაც,“ - შალვა ამონაშვილის დარიგება მშობლებს

„შენი შვილის კლასში შეიხედე, შენს ნაპირს მოუარე, სადაც შენ ხარ, იმ პირობებში მოაწესრიგე რაღაც,“ - შალვა ამონაშვილის დარიგება მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა აღზრდის კლასიკური თეორიების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და სკოლებში გოგებაშვილის იდეების შეტანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„ჩვენ უფრო დასალეთში ვიყურებით, ვამბობთ, რომ იქ ყველაფერი კარგია და უნდა შემოვიტანოთ. რატომ არის ასე? აბა მაჩვენეთ, გოგებაშვილის იდეებით ერთი სკოლა აიგო?! ​საქართველოში ერთი სკოლა იამაყებს, რომ მე გოგებაშვილის ეროვნულობით, ბურჯით ვცხოვრობო? გოგებაშვილმა სთქვა, როს ბავშვებს ქართული ენა ასწავლო და მხევლად ამოუყენო რუსული და ევროპული ენები, მაშინ მივა ჩვენი ეტლი თავისი სამშობლოს სადგურსო. მერე რას ამბობს ის ზნეობასა და კულტურაზე?! ერთმა კოლექტივმა მაინც თქვას, რომ ჩვენ გოგებაშვილის მიხედვით გვინდა ვიცხოვროთ.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა დამოუკიდებლად იბრძოლოს ცვლილებებისთვის:

„ყველანი უყურებენ რაღაც ზიზილ-პიპილოებს. შენი კერძო ნებაც მნიშვნელოვანია. სადაც შენ ხარ, ხომ შეგიძლია, რომ იმ პირობებში მოაწესრიგო რაღაც. მე ხომ უფლება მაქვს ამის?! შენ რომ აქ მოხვალ, ეს ასე დაგხვდება. ყველამ თავის ბოსტანს მოუაროს. არ გვინდა: „რა ხდება ქვეყანაში და სკოლებს რა დაემართათ?“ მოეშვი ამას, ​შენი ბავშვის კლასს მიხედე, იქ შეიხედე. ჩვენ ვერ ვუშველით ყველაფერს. მდინარე რომ მიდის, მისი ნაპირი აყვავებულია, ხეებია, ყვავილებია, ჩიტები და ყველაფერი. მდინარის იქით უდაბნოა. რა ქნას ახლა მდინარემ, ყველაფერს დაემდუროს?! მაშინ აღარც ნაპირი იქნება და აღარც არაფერი. შენს ნაპირს მოუარე.“

„შენ შვილი გყავს, ეს შვილი მეც მჭირდება. ​გაზარდე შენი შვილი ჩემთვის, მე კიდევ შენთვის გავზრდი. სულში ჩავიხედოთ, ვიკითხოთ: მე ის ვარ, ვინც სჭირდება ქვეყანას?! მე მინდა ამ იდეებით კლასიკური აღზრდა შემოგთავაზოთ. რაღაც აიღეთ და წაიკითხეთ, ჩემო კარგებო. ერთი წიგნიც რომ წაიკითხოთ, გოგებაშვილი ხომ მაინც არის ქართულად, ის წაიკითხეთ,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად