Baby Bag

რა შემთხვევაში ექნება პედაგოგს ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსი

რა შემთხვევაში ექნება პედაგოგს ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსი

მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ​„ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს. 

როგორც ის აღნიშნავს, გამოცდაზე წელსაც დარჩა ნაწილობრივი დაგროვების შესაძლებლობა, რადგან არიან მასწავლებლები, რომლებსაც კრედიტქულების გარკვეული ნაწილი უკვე დაგროვებული აქვთ და მხოლოდ რამდენიმე კრედიტქულა აკლიათ სტატუსის ასამაღლებლად:

„მასწავლებლებს მივეცით შანსი ეს მცირე დანაკლისი გამოცდით შეივსონ. ამიტომაც არ შევცვალეთ ამ გარდამავალ პერიოდში ეს პირობა, რადგან გვინდოდა სამართლიანობის პრინციპიც დაგვეცვა – თუკი ერთ მასწავლებელს ჰქონდა შესაძლებლობა გამოცდით, ნაწილობრივ დაეგროვებინა კრედიტქულები, ეს შესაძლებლობა გვინდოდა დანარჩენებისთვისაც მიგვეცა. ამდენად, ვეცადეთ ვყოფილიყავით თანმიმდევრულები და სამართლიანები.

რაც შეეხება ბარიერის გადალახვას 60 პროცენტზე ზევით, ანუ თუ მასწავლებელი ორივე გამოცდაში 10-10 კრედიტქულას მიიღებს, ის ავტომატურად მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და სხვა დამატებითი აქტივობების განხორციელება არ სჭირდება. ასევე, უცვლელია პირობა მოქმედი მასწავლებლებისთვის, რომლებიც საგნობრივ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ და 60-კრედიტიან პროგრამას გაივლიან, ისინიც ავტომატურად, უფროსი მასწავლებლები ხდებიან.

მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება – თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს კომპეტენციები, ანუ გამოცდები ჩაბარებული, მას ხელმეორედ აღარ მოუწევს გამოცდის ჩაბარება,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.

შეიძლება დაინტერესდეთ

სწავლის დაწყების ვადები და რეგულაციები

სწავლის დაწყების ვადები და რეგულაციები

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი სასწავლებლებისთვისა და საბავშვო ბაღებისთვის სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის ვადები განისაზღვრა:


  • სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესს განახორციელებენ მხოლოდ დისტანციურად.
  • საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი 2021 წლის 4 ოქტომბრამდე არ განხორციელდება.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, უფლება აქვთ არადისტანციურ რეჟიმში ჩაატარონ პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტები მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებისას იქნებიან სრულად ვაქცინირებულნი. ამასთან, ჩაატარონ სრულად ვაქცინირებული პერსონალის მეშვეობით და ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით.
  • 2021 წლის 4 ოქტომბრიდან, იმ სოფელში, დაბასა და ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ექნებათ სასწავლო პროცესი განაახლონ არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო ინფიცირების 4%-ზე მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში, მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
  • ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი სტუდენტი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, ხოლო სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ჩატარებას.

წაიკითხეთ სრულად