Baby Bag

რა შემთხვევაში ექნება პედაგოგს ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსი

რა შემთხვევაში ექნება პედაგოგს ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსი

მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ​„ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს. 

როგორც ის აღნიშნავს, გამოცდაზე წელსაც დარჩა ნაწილობრივი დაგროვების შესაძლებლობა, რადგან არიან მასწავლებლები, რომლებსაც კრედიტქულების გარკვეული ნაწილი უკვე დაგროვებული აქვთ და მხოლოდ რამდენიმე კრედიტქულა აკლიათ სტატუსის ასამაღლებლად:

„მასწავლებლებს მივეცით შანსი ეს მცირე დანაკლისი გამოცდით შეივსონ. ამიტომაც არ შევცვალეთ ამ გარდამავალ პერიოდში ეს პირობა, რადგან გვინდოდა სამართლიანობის პრინციპიც დაგვეცვა – თუკი ერთ მასწავლებელს ჰქონდა შესაძლებლობა გამოცდით, ნაწილობრივ დაეგროვებინა კრედიტქულები, ეს შესაძლებლობა გვინდოდა დანარჩენებისთვისაც მიგვეცა. ამდენად, ვეცადეთ ვყოფილიყავით თანმიმდევრულები და სამართლიანები.

რაც შეეხება ბარიერის გადალახვას 60 პროცენტზე ზევით, ანუ თუ მასწავლებელი ორივე გამოცდაში 10-10 კრედიტქულას მიიღებს, ის ავტომატურად მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და სხვა დამატებითი აქტივობების განხორციელება არ სჭირდება. ასევე, უცვლელია პირობა მოქმედი მასწავლებლებისთვის, რომლებიც საგნობრივ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ და 60-კრედიტიან პროგრამას გაივლიან, ისინიც ავტომატურად, უფროსი მასწავლებლები ხდებიან.

მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება – თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს კომპეტენციები, ანუ გამოცდები ჩაბარებული, მას ხელმეორედ აღარ მოუწევს გამოცდის ჩაბარება,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირველ გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, 2019 წლის ბოლომდე მეორედ გავიდნენ გამოცდაზე“ - სოფო გორგოძე

„პირველ გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, 2019 წლის ბოლომდე მეორედ გავიდნენ გამოცდაზე“ - სოფო გორგოძე

„მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სიახლეები არ არის, თუმცა პირველ გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, 2019 წლის ბოლომდე გამოცდაზე მეორედ გავიდნენ,“ - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 1, 4 და 7 კრედიტის აღება წელსაც იქნება შესაძლებელი:

„დღეს დაიწყო მასწავლებლების გამოცდებზე ​რეგისტრაცია, რომელიც გაგრძელდება 24 მაისის 18:00 საათამდე. პროცედურა საკმაოდ გამარტივებულია და მხოლოდ რამდენიმეწუთიანი. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მანამდე იყო ორმაგი რეგისტრაცია, ერთი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და ერთიც - ჩვენს ცენტრში. შესაბამისად, ძალიან მალე შეუძლიათ მასწავლებლებს დარეგისტრირება. სიახლე ის არის, რომ აქამდე მასწავლებლებს ამ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ, ახლა პირველ გამოცდაზე გასვლისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შანსი, მეორედ გავიდნენ გამოცდაზე 2019 წლის ბოლომდე. თავად გამოცდებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ცვლილებები და სიახლეები არ არის, ტესტების იგივე ფორმატი და დიზაინია, როგორიც წინა წლებში იყო. ცვლილებები ბარიერის თვალსაზრისითაც არ არის. მინიმალური კომპეტენციის დადასტურებაზეა საუბარი და 1, 4 და 7 კრედიტი, როგორც წინა წელს იყო, წელსაც შეუძლიათ, შესაბამისი ქულების რაოდენობით ამ რაოდენობის კრედიტები მოაგროვონ. განსაკუთრებულად არ იცვლება არც შინაარსობრივი მხარე, პროგრამები ჩვენს გვერდზე დევს“, - აღნიშნა გორგოძემ.

წაიკითხეთ სრულად