„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის სტატუსის მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის სტატუსის მსურველთა მხარდაჭერის მიზნით იწყებს საინფორმაციო შეხვედრებს/ვებინარებს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიო) შესახებ, იმ წამყვანი და მენტორი სტატუსის მსურველი მასწავლებლებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ერთ-ერთ წინაპირობას:
1) მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა; 2) დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოპოვებული აქვთ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებით (მინიმუმ 50%), საგნის გამოცდის ჩაბარებით ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორის ხარისხით.
შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, Teams-ის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით და დაინტერესებული პირები შეხვედრების განრიგს და ინსტრუქციას მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.
შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად სრულად შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა 2023 წლის 3 მაისის ჩათვლით - სარეგისტრაციო ფორმა.