„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრი განათლების სფეროს მნიშვნელოვან რეფორმას აანონსებს
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში განათლების სფეროს შეეხება. ბახტაძის თქმით, განათლებაში სამჯერ უნდა გაიზარდოს ინვესტიციები:
„მე მისვამენ კითხვას, რა იქნება შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში. შემდეგი დიდი რეფორმა საქართველოში იქნება განათლება. ყველაზე დიდი სიმდიდრე და კაპიტალი რაც საქართველოს აქვს, ეს არის ჩვენი ადამიანები და მოქალაქეები. საქართველოში არის ძალიან დიდი ნიჭი. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აღმოჩნდა ისე, რომ განათლების სექტორის დაფინანსება იყო ყველაზე მცირე. ეს გახლდათ ძალიან სამწუხარო ტენდენცია, რომელიც უაღრესად ნეგატიურად აისახა ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებზე. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ.
2019 წელს ჩვენ დავიწყებთ რეფორმას, რომელითაც სწორედ განათლების სექტორი გახდება დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში. ანუ განათლების სექტორს ექნება მინიმუმ 10-11%-იანი წილი მთლიან შიდა პროდუქტში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამჯერ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები განათლებაში.
ჩვენ შევიმუშავეთ რეფორმა, რომლის მიხედვითაც, გამოვყავით 5 დონე: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ამ ხუთივე დონეზე ხარჯავდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%–ს. სწორედ ეს არის გამოსავალი და გზა, რომ საქართველო ჩავაყენოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმა იქნება ყველა ძირითადი პრობლემის დაძლევის გზა. ეს რეფორმა მოიტანს იმ სულისკვეთებას, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს სრულიად განსხვავებული და დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის თვასაზრისით... მხოლოდ განათლების რეფორმით ამ პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ, თუმცა, ეს რეფორმა უნდა იყოს ამ ამოცანების გადაწყვეტის მთავარი ლოკომოტივი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.