„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
ინფორმაცია იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც გამოცდები უკვე ჩააბარეს ან მომავალში აპირებენ ჩაბარებას
მასწავლებელთა გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. მათ, ვინც უკვე ჩააბარა გამოცდა და მათ, ვინც მომავალში აბარებს, გთავაზობთ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის მაქსიმალურ და მინიმალურ გამსვლელ ქულებს და ასევე პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულებს სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით.
ცნობისთვის, წელს მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, პირველ გამოცდაზე გასვლისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, მეორედ გავიდნენ გამოცდაზე ამ წლის ბოლომდე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31 500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, 10 000 კი - მასწავლებლობის მსურველი.