„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„სკოლის ყოველდღიურობაში დამრიგებლის როლი, თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა უნდა გაიზარდოს“- მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„ჩვენი მთავარი საზრუნავია ბავშვის კეთილდღეობა იმის მიუხედავად, საჯარო სკოლაში სწავლობს იგი თუ კერძოში. ვფიქრობ, რომ ასევე საჭიროა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. კერძოდ, აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა. ამ სტანდარტებმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო მოსწავლისთვის. დააწესოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალი კრიტერიუმები. საჭიროა, გაძლიერდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, გაღრმავდეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი. როგორც იცით, ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებებით პრობლემები ვერ მოგვარდება: „აუცილებელია, თავად სასკოლო პროცესის განვითარება: უნდა გაიზარდოს დამრიგებლის როლი თითოეული მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით; უნდა გაიზარდოს სკოლის ყოველდღიურობაში, პრობლემათა იდენტიფიცირებისა და გადაჭრის პროცესებში თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა. ამ მიზნით, საჭიროა ელექტრონული რესურსების განვითარება მშობელთა, მასწავლებელთა და სასკოლო საზოგადოების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ახალგაზრდებში ნეგატიური ტენდენციების შესამცირებლად და რაც მთავარია, მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებით აქტივობებში და არაფორმალური განათლების განვითარება წრეების, კლუბების, სახელოვნებო და სპორტული მიმართულებებით“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.