„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი“ - განათლების მინისტრი
„საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტროს უახლოეს პერიოდში ექნება კონკრეტული ხედვა, როგორც დამამთავრებელ კლასებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე, თუ რა ცვლილებები შეიძლება მოსწავლეებსა და აბიტურიენტებსშეეხოთ:
„რეფორმების პრეზენტაციის დროს გამოვაცხადეთ, რომ გვექნება კონკრეტული ნაბიჯები. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება სისტემის, რამდენად ადეკვატურია და რამდენად პასუხობს დღევანდელი სისტემა მოთხოვნებს. მუშაობა დაწყებულია, მიმდინარეობს შეფასებები და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული ხედვა, როგორც დამამთავრებელ კლასებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე. გპირდებით, რომ მომავალი წლიდან უკვე მზად ვიქნებით, წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმა, რომ რაც შეიძლება ადრე გაიგონ აბიტურიენტებმა და მშობლებმა, კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება. ეს ყველაფერი გათვლილი იქნება აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე და იმ ხარისხის ეფექტზე გათვლით, რომ რაც შეიძლება მეტი წარმატებული აბიტურიენტი მოხვდეს წარმატებულ უნივერსიტეტებში“, - დასძინა მინისტრმა.