„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი ბათუმში აშენდება.
პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა:
„ზუსტად ერთი თვის წინ შეგპირდით, რომ ბათუმში, თქვენს ულამაზეს ქალაქში დავიწყებდით ისეთივე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც დღეს შენდება თბილისში და შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი თქვენს ქალაქში. აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე.
იცით, ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. აჭარაში გვყავს ძალიან ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შენდება, მათთვის შეიქმნება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იგივეს გაკეთება, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭისა და ცოდნის რეალიზაცია. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი. მე ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინე, მათ შორის, სრულიად უსაფუძვლო კირტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით.
რატომ არის ეს ეროვნული იდეა – ეროვნული იდეა განათლება იმიტომ არის, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყანად. მე ეს ღრმად მწამს. ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი, უნიკალური პოტენციალი და განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა დავძლიოთ. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ პროექტის რეალიზაციას ვახდენთ ბათუმში,“ - აღიშნა მამუკა ბახტაძემ.