„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა და 2020 წლისთვის მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, არანაირ წარმატებას ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა, თუ არ შეიქმნა ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა:
„მინდა გამოვყო განათლება და ის, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა განათლების მიმართულებით ახორციელებს. განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ წარმატებას ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. ამიტომ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ
რაც შეეხება მასწავლებელთა ხელფასებს, მისი თქმით, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება:
„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი 2020 წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული, განსაკუთრებით კი ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება. ესენი გახლავთ: ბავშვები, ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონრები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის შესაბამისად, შესაბამისი სახელფასო ზრდა ექნებათ, როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებს, სასწრაფოს და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ასევე კულტურის მუშაკებს,“ - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.