Baby Bag

„მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მუდმივად შიში და ეჭვი, რომ რაღაცას ჩამოართმევენ“

„მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მუდმივად შიში და ეჭვი, რომ რაღაცას ჩამოართმევენ“

„მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მუდმივად შიში და ეჭვი, რომ რაღაცას ჩამოართმევენ“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. 

მისივე თქით, მასწავლებლისთვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი მოიხსნება და პედაგოგებს მიღწეული სტატუსი შეუნარჩუნდებათ (სტატუსის შესანარჩუნებლად მასწავლებლებს გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება აღარ მოუწევთ).

„ცვლილება შედის სტატუსის ჩამორთმევის, ჩამოქვეითების ნაწილში. იყო ასეთი ელემენტი, რომ მივაღწიე სტატუსს და კრედიტების რაოდენობა უნდა დავაგროვო, რომ ეს სტატუსი არ დავკარგო. ეს გავაუქმეთ იმიტომ, რომ,როდესაც მასწავლებელი, მენტორის, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადადის, ეს ნიშნავს, რომ ის ადასტურებს კომპეტენციას. როგორ შეიძლება, შემდეგ კომპეტენცია გქონდეს და თან აღარ გქონდეს. ერთია, რომ გაქვს კომპეტენცია და მეორე – რას აკეთებ შენ ამ კომპეტენციით. შესაბამისად ჩვენი შეთავაზება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე შევა პარლამენტში, გულისხმობს სახელშეკრულებო ელემენტის გაჩენას მასწავლებლებთან. ამ ეტაპზე მენტორია, წამყვანია თუ უფროსია, ყველა ერთი და იგივე საქმეს აკეთებს, უბრალოდ სტატუსები განსხვავდება. ეს საკითხი კონტრაქტებით დარეგულირდება და ვფიქრობთ, რომ მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მუდმივად შიში და ეჭვი, რომ რაღაცას ჩამოართმევენ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელზეც ირინა აბულაძემ გაამახვილა ყურადღება, მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის არასავალდებულოდ გამოცხადებაა:

„კვლავამ აჩვენა, რომ რაღაც ეტაპზე თვითშეფასების კითხვარის შევსება ფორმალობა გახდა. შესაბამისად, ეს ბიუროკრატიული ელემენტი მოვხსენით და აღარ არის სავალდებულო“, - განმარტა ირინა აბულაძემ.

მესამე ცვლილებით, მოიხსნება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც,  პრაქტიკოს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ტრენინგების ან სხვა აქტივობების მეშვეობით, არაუმეტეს 5 კრედიტის დაგროვების საშუალება ჰქონდათ:

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რაც შეიძლება მრავალმხრივი გზით გადავიდნენ შემდეგ სტატუსზე. 5-კრედიტიანი შეზღუდვა არ არის რელევანტური, ამიტომ ეს შეზღუდვა მოიხსნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირინა აბულაძის ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შესატანი ცვლილებების პაკეტი მთავრობას გუშინ წარედგინა და მას უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება

მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 22 ივლისიდან დაიწყება
მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.
უწყების ცნობით, გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

წაიკითხეთ სრულად