„მასწავლებლის რეგულირების წესის“ მიხედვით წელიწადში რამდენჯერ ჩატარდება მასწავლებელთა გამოცდები და ექნება თუ არა კავშირი მის პროგრამებსა და ტესტებს ძველ საგამოცდო პროგრამებთან? - აღნიშნულ კითხვაზე „ახალ განათლებას“ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ უპასუხა. გთავაზობთ მის პასუხს სიტყვა-სიტყვით:
„ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, გამოცდები წელიწადში ერთხელ ჩავატაროთ, ხოლო რაც შეეხება საგამოცდო პროგრამებს, მინისტრის ინიციატივაა და ჩვენც ვეთანხმებით ამ მოთხოვნას, რომ გამოცდა, განსაკუთრებით პროფესიულ უნარებში, იყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული — პრაქტიკული ელემენტების შემცველი. მაგალითად, STEM-ის საგნებში ვფიქრობთ, რომ ლაბორატორიული ცდებიც კი ჩავატარებინოთ პედაგოგებს, იქნება ეს ვირტუალური თუ რეალური. ორივე მიმართულებით გვინდა პრაქტიკული ელემენტების შეტანა, რომ სტატუსის მინიჭებისას, დარწმუნებულები ვიყოთ, მართლა იმსახურებს თუ არა ის ამ წოდებას. შეიძლება ტესტი კარგად ისეთმა ადამიანმაც ჩააბაროს, რომელიც საკლასო ოთახში არაეფექტურია. ამიტომ შევეცდებით, მისი პრაქტიკაც ვნახოთ. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალ საგამოცდო პროგრამას შევთავაზებთ მასწავლებლებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავზომოთ რამდენად ეფექტურია მასწავლებელი პრაქტიკაში.“