Baby Bag

ქვაყუდის საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრს მიმართავენ

ქვაყუდის საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრს მიმართავენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაყუდის საჯარო სკოლის პედაგოგები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს თხოვნით მიმართავენ. წერილში მასწავლებლები სკოლაში არსებულ მძიმე სიტუაციას აღწერენ და მიხეილ ბატიაშვილს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. საგანგებო მიმართვა ​Moms.ge-ს სკოლამ მიაწოდა. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

„​ბატონო მინისტრო, უკვე მეორე წელია, სკოლაში არის უკიდურესად დაძაბული კონფლიქტური სიტუაცია. ჩვენ გასული წლის მაისში დავწერეთ წერილი თქვენს სახელზე, ჩვენს სკოლაში მოსული იყვნენ აუდიტის სამსახურიდან და ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ველოდებით დასკვნას. ასევე, ამ პროცესში კარგად არის გარკვეული ადგილობრივი რესურსცენტრი. სკოლაში არ ტარდება სამეურვეო საბჭო, არ იკრიბება შეფასების ჯგუფი, დისციპლინური კომიტეტი და პედაგოგიური საბჭო.

სკოლის დირექტორს, გიორგი შანიძეს არ გააჩნია კომუნიკაცია თანამშრომლებთან, ის ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. მას რამდენიმე თვის უკან პოლიციასთან ჰქონდა შემაკავებელი ორდერი ერთ-ერთ მასწავლებელზე.

გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი სატკივარი, გასაჭირი და მოახდინოთ რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე,“ - აღნიშნულია ქვაყუდის საჯაროს სკოლის პედაგოგების მიმართვაში.


შეიძლება დაინტერესდეთ

წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება

წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ხაზგასასმელია, რომ დისტანციურ სწავლების გამოცდილება საქართველოს საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან აქვთ. შედეგად, 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა აქვთ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით - Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა. ამასთან, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებმა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნეს და პედაგოგებს ეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში.

დისტანციურ სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარ რესურსს წამოადგენს „ტელესკოლაც“, რომელიც ახალ სასწავლო წელს ახალი სეზონით განახლდა. საეთერო ბადე მოიცავს ყველა საფეხურის საგანს. გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

აჭარის გარდა, დადასტურებული კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა. აღნიშნულ სკოლებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლები დაემატა, სადაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა ასევე შენარჩუნებული იქნება და სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.

წაიკითხეთ სრულად