Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე მინდა ჩამოვთვალო, რა საკვები უნდა „დავაძალოთ“ ბავშვს,“ - პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს

„მე მინდა ჩამოვთვალო, რა საკვები უნდა „დავაძალოთ“ ბავშვს,“ - პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვისა და დედის ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ტრადიციული კვების წესებისა და წინაპართა გამოცდილების გათვალისწინება:

„ჩვენი პრეისტორიული წინაპრები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ტრადიციულ საკვებში იგულისხმება ის საკვები, რომელიც ამ გენებისთვის არის მიღებული. რა საკვები უნდა მიირთვას დედამ? ​მხოლოდ ის საკვები, რომელიც ამ რეგიონში არის მოყვანილი. კვების პირამიდა ახლა შეიცვალა. ყველაზე მეტი ადამიანმა უნდა მიიღოს წყალი. შემდეგ მოდის უკვე პროტეინები. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში თევზი არ არის პროტეინების ძირითადი წყარო. სასარგებლო ცილა არის მხოლოდ თევზი და ქათამი. ის, რაც დადის, არ არის სასარგებლო ცილა. რაც ცურავს და დაფრინავს, ის ყველაფერი სასარგებლოა.“

ქეთი ნემსაძემ ის საკვები პროდუქტები დაასახელა, რომელიც ბავშვებს უნდა „დავაძალოთ,“ რათა მათ ჯანსაღად იკვებონ:

​მე მინდა ჩამოვთვალო, რა საკვები უნდა „დავაძალოთ“ ბავშვს. ეს არის: სასარგებლო ცილა - პარკოსნები, ქათამი, თევზი, სასარგებლო ცხიმი: ნუში, ავოკადო, მცენარეული ზეთები. მარცვლეული სასარგებლოა მხოლოდ მსხვილად დაკეპილი. რატომ არ ჭამს ბავშვი? ჩვენ რვა თვიდან მივაჩვიეთ ის თითებით ჭამას, რომელიც მადას ავითარებს? ჩვენი მადა მოდის გრელინიდან, რომელიც კუჭში გამოიყოფა.“

„გავზარდეთ კი ბავშვები ნატურალური გზით? იყვნენ კი ეს ბავშვები ძუძუთი კვებაზე ორ წლამდე, ექვსი თვიდან დამატებითი საკვებით? ძუძუთი კვების დროს ღამე ცირკადული რიტმი იცვლება. დედა ბავშვს აწოდებს მხოლოდ ზრდის ჰორმონს და იმუნიტეტს, საკვებ პროდუქტებს არ აძლევს. ეს არის სიმსუქნისა და უმადობის პრევენცია. იმ ოჯახებში, რომელშიც ბავშვები არ ჭამენ, ​იცის კი ბავშვმა, რა არის სასარგებლო საკვები? ასეთი ექსპერიმენტებიც ტარდება: ბავშვებს აძლევენ კალათს და უშვებენ სუპერმარკეტში. აინტერესებთ, რა საკვებს აიღებს ის თავად. ამით იგებენ, რა ინფორმაცია აქვს მას ჯანსაღი კვების შესახებ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად