Baby Bag

„ბავშვი კვების დროს მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს კვებაზე და არა ეკრანზე,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბავშვი კვების დროს მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს კვებაზე და არა ეკრანზე,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის უჭმელობის მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს ბავშვის სწორი კვების ჩამოსაყალიბებლად საინტერესო რჩევები მისცა:

„საკმაოდ ხშირია უჭმელობაზე მომართვა, თუმცა ასეთი დიაგნოზი არ არსებობს. არსებობს უმადობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტულ ნოზოლოგიასთან. ბავშვი იღებს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, სვამს გაზიან ტკბილ სასმელებს, იღებს შოკოლადს. ის ამ საკვები პროდუქტებით იღებს იმდენ კალორიას, რომ მთელი დღის განმავლობაში აღარ ჭამს. ენერგეტიკულად კმაყოფილდება, მაგრამ მისთვის მავნე ნივთიერებებს იღებს. ამიტომ მაქსიმალურად ბალანსირებულად უნდა ვკვებოთ ბავშვი.“

თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვმა კვერცხი თავისუფლად შეიძლება მიიღოს ყიყლიყოს სახით:

„თუ ბავშვი კვერცხს იღებს ყიყლიყოს სახით, შეიძლება მან ეს თავისუფლად მიიღოს, მაგრამ დიდხანს ნადუღი არ უნდა იყოს ზეთში. ზეთიც უჯერი ცხიმოვანი მჟავების წყაროა. პრაქტიკულად ბავშვმა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ უპრობლემოდ შეიძლება მიიღოს ყიყლიყო, თუ ის სწორად არის დამუშვებული. რძის ნაწარმი არის D ვიტამინის წყარო, იგივე ყველი, კარაქი. ხორცი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინების წყარო, როგორებიცაა A, D და K ვიტამინები."

„ბავშვი უნდა მოვამზადოთ დღის განმავლობაში სამჯერადი, ოთხჯერადი და ზოგიერთ შემთხვევაში ექვსჯერადი-შვიდჯერადი კვებისთვის. ბავშვი მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს კვებაზე და არა სხვა გასართობზე. საკმაოდ მაღალ პროცენტში ხდება, როდესაც ბავშვი ჭამს და თან დამოკიდებულია პლანშეტზე, სხვადასხვა ელექტრონულ გამღიზიანებლებზე. მშობელი და ბავშვი კვების დროს მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს კვებაზე და არა ტელევიზორზე. სჯობს, არ ჭამოს ბავშვმა, ჩააგდოს ეს კვება, ორი კვირა, ერთი თვე ასე გავიჭირვოთ და გამოუმუშავდება მას ის ჩვევა, რომ არ იყოს დამოკიდებული სხვა ელექტრონულ გამღიზიანებელზე. ბავშვის კვებითი ჩვევის ჩამოყალიბება არის მშობლის სამუშაო,“- აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად