დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დიეტაზე, კეტოგენურ დიეტაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რას გულისხმობს კეტოგენური დიეტა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა ამ რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
კეტოგენური დიეტა ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ბევრი ადამიანი მას თვითნებურადაც კი მიმართავს. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმირებულობა ამ საკითხზე საკმაოდ მწირია და კეტოგენური დიეტის მიმდევართა უმეტესობამ არ იცის, რომ ამ რეჟიმით შესაძლოა, ზიანიც კი მიადგეს ორგანიზმს.
კეტოგენური, იგივე კეტოდიეტა - გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას: 70% მოდის ცხიმებზე, 25% ეთმობა ცილებს, ხოლო დანარჩენი 5% კი უკავია ნახშირწყლებს.
ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს, ხოლო კეტოგენური რეჟიმის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები. თუმცა რაოდენ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ტერმინი, კეტოდიეტას თან ახლავს არაერთი გვერდითი მოვლენა.
განვიხილოთ კეტოგენური კვების რაციონი: ამ დროს რაციონი გაჯერებულია ძირითადად ცხიმოვანი საკვებით.
კეტოგენური დიეტის დროს დაშვებულია:
რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით,
კვერცხი,
ნებისმიერი ხორცეული,
თევზი და ზღვის პროდუქტები,
მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს,
სოკო,
თხილეული,
მცენარეული ზეთი,
ნაღების კარაქი,
ხილიდან - კენკროვნები და ავოკადო.
რაციონის მთავარი პრინციპი კი არის პროცენტული ბალანსის დაცვა - 70% ცხიმი, 25% ცილა და 5% ნახშირწყლები. აქვე აღვნიშნავ, რომ კალორაჟის კონტროლი კეტოდიეტის დროსაც ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.
შევეხოთ კეტოგენური დიეტის დადებით მხარეებს: ყველაზე ხშირად რასაც ამ დროს პაციენტები აღნიშნავენ არის ის, რომ მათ პრაქტიკულად არ შივდებათ. ამ ტიპის რეჟიმის დროს რეგულირდება ჰორმონ ინსულინის დონე. ინსულინი არის ანაბოლური (მაშენებელი) ჰორმონი, რომელიც იწვევს მადის გაძლიერებას, შესაბამისად, ამ ტიპის კვების დროს ხდება მადის დაქვეითება, წონაში კლება კი მიმდინარეობს ცხიმების ხარჯზე და თან ნაკლებად ხდება კუნთური მასის შემცირება. აქვე განვაგრძოთ მისი უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა: კეტოგენურ კვებას შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა), სიმძიმე კუჭ-ნაწლავის არეში, გულისრევის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე რომელიც მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს. კეტო მიმდევართა უმეტესობა ამ რეჟიმზე გადასვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში აღნიშნავს ძლიერ სისუსტეს, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაქვეითებას და კუნთების ტკივილს, რასაც „კეტო ფლუ“ (კეტო გაციება) ეწოდება. როგორც წესი, ეს ჩივილები რამდენიმე დღეში ქრება. ასევე რადგან აღნიშნული კვების რეჟიმის დროს უფრო მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა ღვიძლს და თირკმლებს, შესაძლებელია, მოხდეს მათი ფუნქციის დარღვევა. გვერდით მოვლენას მიეკუთვნება ორგანიზმში ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის მატება.
კეტო რეჟიმის დაცვა არ შეიძლება ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვის. ასევე აკრძლულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის (დიაბეტი, გულის უკმარისობა და ა.შ). მისი დაცვა კატეგორიულად აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.
ბოლოს კი, ტრადიციულად ჩვენს მკითხველს ისევ შევახსენებ, რომ კვების ნებისმიერი ტიპის დროს მხოლოდ რაციონს არ ენიჭება უპირატესობა, აუცილებელია კალორაჟის და კვების ჯერადობის კონტროლი. კვლავ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და არ არსებობს ყველასთვის მორგებული არც კვების ტიპი და არც კვების რაციონი.
რატომ უნდა დავლიოთ წყალი ყავასთან ერთად? - ენდოკრინოლოგი ყავის შესახებ საუბრობს
მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ყავისშესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. როგორია ყავის შემცველობა? რა დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია? რამდენი ჭიქა ყავის მირთმევა არის რეკომენდებული დღის მანძილზე? ვისთვის არის უკუნაჩვენები ყავის მიღება? რა შეცდომებს ვუშვებთ ყავის მირთმევის დროს? აქვს თუ არა ყავას დადებითი გავლენა ჩვენს მეტაბოლიზმზე?- სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
დღეს ვისაუბრებ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ პროდუქტზე, ყველასთვის საყვარელ ყავაზე. ყავა ეს არის მარადმწვანე ხე ან ბუჩქი, არსებობს მისი დაახლობით 73 სახეობა, მის შესახებ ცნობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნიდან მოიპოვება. ყავის სახელს უკავშირებენ არაბულ სიტყვა „კაუე“ს რომელიც ითარგმენა როგორც - ძალა, ასევე მის სახელი დაკავშირებულია ეთიოპიის ერთერთ პროვინციასთან რომელსაც „კაფა“ ჰქვია, საიდანაც დასაბამს იღებს ყავის ისტორია. ეთიოპიიდან ყავა გავრცელდა იემენსა და ეგვიპტეში, ხოლო მე-16 საუკუნეში თურქეთში პირველი ყავახანა გაიხსნა, ევროპაში კი ყავა ჩნდება უკვე მე-17 საუკუნიდან.
ყავის გარეთა ნაწილი - გარსი შეიცავს კოფეინს, რომელსაც გააჩნია მკვეთრად მატონიზებელი ეფექტი, ხოლო ყავის მარცვალი კი შეიცავს ნივთიერება თეობრომინს, რომელიც ხასიათდება სისხლძრღვთა გამაფართოებელი ეფექტით ( ამ უკანასკნელის ეფექტი მეტად გამოხატულია ე.წ ხნად ყავაში, რადგან ნალექიანი ყავის შემთხვევაში ხდება მთლიანი მარცვლის დაფქვა და მასში კოფეინის შემცველობაც მეტია). ამ ორი ძირითადი ნივთიერების გარდა, ყავა შეიცავს მინერალებს და ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს. მისი ანტიოქსიდანტური თვისებების შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ყავა არ მივიყვანოთ ადუღებამდე.
ყავას გააჩნია ორგანიზმის მატონიზებელი, ენერგიაზე მომყვანი ეფექტი, ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს, აქვს დადებითი გავლენა მეტაბოლიზმზე - აჩქარებს მეტაბოლიზმს განსაკუთრებით კი მაშინ თუ ყავას დარიჩინთან ერთად მივირთმევთ.
პარკინსონის დაავადების განვითარების რისკის შემცირებას
ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას
თუმცა დადებით თვისებებთან ერთად ყავას გააჩნია ორგანიზმზე უარყოფითი გავლენაც:
გულის რითმის აჩქარება
არტერიული წნევის მატება
უძილობა
აღგზნებადობა
თავის ტკივილი
დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება)
კუჭის მჟავიანობის მომატება
გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად დღის მანძილზე უნდა გამოვიყენოთ ყავა ზომიერი ოდენობით - 3-4 ფინჯანი. სასურველია ნალექიანი და უნალექო ყავის წილი დღის მანძილზე იყოს თანაბარი.
ახლა კი განვიხილოთ რომელ პროდუქტებთან არის ყავის მიღება რეკომენდებული: პირველ რიგში ყავის შარდმდენი ეფექტის გამო, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ყავა უნდა მივირთვად წყალთან ერთად, რათა არ დაირღვეს ორგანიზმში სითხის ბალანსი. არ შეიძლება უზმოდ ყავის მიღება, მჟავიანობის მომატების გამო რაც თავის მხრივ ზრდის გასტრიტის (კუჭის გარსის ანთების) განვითარების რისკს. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ ყავის მირთმევა ტკბილეულთან ერთად ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, ტკბილეული შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ჩირეულით, რომელიც სასარგებლოცაა და შეიცავს მიკრო, მაკროელემენტებს, რომლებიც შეავსებენ ყავის ეფექტით გამოდევნილ მინერალებს ორგანიზმში.
ყავის მიღება რეკომენდებული არ არის არტერიული ჰიპერტენზიით და სხვა გულსისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებული ადამიანებისთვის, სასურველია ორსულებში და ლაქტაციაში მყოფი ქალების რაციონში ყავა იყოს შემცირებული ოდენობით. ყავის მიღება აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.