Baby Bag

„საკმაოდ მკაცრი მშობელი ვარ, თუმცა პატარას ცოტათი ვანებივრებ,“ - კახა კალაძე შვილებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს

„საკმაოდ მკაცრი მშობელი ვარ, თუმცა პატარას ცოტათი ვანებივრებ,“ - კახა კალაძე შვილებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ მიღწეულ წარმატებებში უდიდესი როლი მშობლებს მიუძღვით:

„ყველაფერში განსაკუთრებული როლი ჰქონდათ ჩემს მშობლებს, დედას და მამას. მათი თანადგომა ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. იმ ამაგს, რაც ჩემს მშობლებს აქვთ ჩემზე, ვერასდროს ვერ გადავიხდი. ყოველთვის ვეცდები, რომ ეს ყველაფერი დავუბრუნო ჩემს შვილებს და ყველაფერი შევძლო, რაც ჩემმა მშობლებმა ჩემთვის გააკეთეს.“

კახა კალაძის თქმით, ის მკაცრი მშობელია, თუმცა უმცროს შვილს ანებივრებს:

„საკმაოდ მკაცრი მშობელი ვარ, თუმცა პატარას ცოტათი ვანებივრებ.​ განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს პატარასთან. შვილებთან ყოველთვის ვსაუბრობ საინტერესო თემებზე. მინდა, რომ წარმატებული ახალგაზრდები იყვნენ. პირველ რიგში, თავიანთი ცოდნით, განათლებით გამოადგნენ ქვეყანას, ოჯახს.“

„როგორი მეუღლე ვარ?! არ ვიცი, ეს, ალბათ, ჩემს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ, საკუთარ თავზე საუბარი გამიჭირდება,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

წყარო: ​ედ ჰოკი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

,,გიჟდება მამაზე'' - როგორ ელოდებიან სამსახურიდან დაბრუნებულ კახა კალაძეს შვილები
​თბილისის მერს კახა კალაძეს ოთხი ბიჭი ჰყავს. დიზაინერი ანუკი არეშიძე ინსტაგრამზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ ელოდებიან ბიჭები სამსახურიდან დაბრუნებულ მამას. განსაკუთრებით საყვ...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ცუდ ნიშნებს იღებს? – 5 საინტერესო რჩევა მშობლებს

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ცუდ ნიშნებს იღებს? – 5 საინტერესო რჩევა მშობლებს

თუ ბავშვი ცუდ ნიშნებს იღებს, ყვირილი გამოსავალი არ არის და პრობლემის მოგვარებაში არ დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, რომ შვილს სირთულეების აღმოჩენასა და ცვლილებების განხორციელებაში დაეხმაროთ.

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე

ბავშვმა უნდა ისწავლოს და აკადემიურ მოსწრებაზე უნდა იზრუნოს. სწორედ ამიტომ, შვილების ცუდ ნიშნებზე მშობლები აგრესიულად რეაგირებენ. საკუთარ ემოციებზე კონტროლის დაკარგვა გამოსავალი არ არის. ყვირილი, ბავშვის შეურაცხყოფა და მუქარა თქვენ შორის ურთიერთობას გააფუჭებს და ბავშვის ემოციურ მდგომარეობას დაამძიმებს. ამის საპირისპიროდ, სიმშვიდის შენარჩუნება, ბავშვთან საუბარი და ცუდი ნიშნების მიღების გამომწვევი მიზეზების დადგენა სამომავლოდ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. პრობლემის გადაჭრის გზის მოძიება გაცილებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ვიდრე კონფლიქტური გარემოს შექმნა.

  • გამოყავით და წაახალისეთ პოზიტიური ასპექტები

არ დაგავიწყდეთ იმ საგნების გამოყოფა, რომელშიც ბავშვი კარგ ნიშნებს იღებს. მისი მიღწევები უნდა აღიაროთ. ხშირად წარუმატებლობა წარმატებას ჩრდილავს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. თუ თქვენმა შვილმა მათემატიკაში მაღალი ქულა მიიღო, ხოლო ინგლისურ ენაში დაბალი, მათემატიკაში მისი მიღწევები უყურადღებოდ არ დატოვოთ. მისი მიღწევების აღიარება ბავშვის თვითშეფასებას გააუმჯობესებს, რაც მას მისთვის რთულ საგნებში წარმატების მიღწევას გაუადვილებს.

  • გამოააშკარავეთ შესაძლო პრობლემები, რომლებიც დაბალი ნიშნების მიღმა დგას

ზოგიერთ ბავშვს დასწავლის პრობლემები და სირთულეები აქვს, რასაც სპეციალისტის ჩართულობა და დახმარება ესაჭიროება. გარდა ამისა ოჯახური სირთულეები, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები, ბავშვის ემოციური ინტელექტის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის აკადემიურ მოსწრებაზე. შესაძლოა, თქვენს შვილს ისეთი პრობლემები აქვს, რომლის შესახებ არაფერი იცით. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საკითხები ყურადღების მიღმა არ დატოვოთ.

  • გააუმჯობესეთ ბავშვის დასწავლის ჩვევები და დაეხმარეთ მას დღის განრიგის დაგეგმვაში

სწავლა მხოლოდ სკამზე ჯდომა და წიგნის კითხვა არ არის. დასწავლის ჩვევები და ტექნიკები ძალიან დიდ გავლენას ახდენს კოგნიტური რესურსების სწორად გამოყენებასა და აკადემიურ მოსწრებაზე. ასწავლეთ თქვენ შვილს როგორ გადაანაწილოს დრო სწავლისთვის სწორად, როგორ დაგეგმოს მეცადინეობა და როგორ გამოიყენოს სწორი მეთოდები მასალის ასათვისებლად.

  • შეაქეთ ბავშვი მონდომებისთვის და არა შედეგისთვის

ბავშვი ყოველდღიურად მეცადინეობს, სწავლობს, ნიშნებს კი მას სემესტრის განმავლობაში მხოლოდ რამოდენიმეჯერ უწერენ. მნიშვნელოვანია, მეცადინეობს თუ არა ბავშვი სახლში, ამზადებს თუ არა საშინაო დავალებას. ბავშვს მოტივაცია უნდა გაუჩინოთ, რომ ყოველდღიურად იმუშაოს, იშრომოს და მიზნების მისაღწევად იბრძოლოს. დააფასეთ ბავშვის მონდომება და შრომა. ყურადღებას ნუ გაამახვილებთ მის შედეგებზე. ამით მას მძიმე ტვირთისგან გაათავისუფლებთ და სწავლის პროცესისადმი დადებითად განაწყობთ.

წყარო:​ youaremom.com

წაიკითხეთ სრულად