Baby Bag

„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში? მოწამლულია ყველაფერი, ჩვენ საკუთარი ხელით მოვწამლეთ საკვები და ჰაერი,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში? მოწამლულია ყველაფერი, ჩვენ საკუთარი ხელით მოვწამლეთ საკვები და ჰაერი,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

​​დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანებში უმადური თვისებების გამოვლენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანები ხშირად უსამართლოდ ადანაშაულებენ ღმერთს საკუთარ პრობლემებში:

„რამდენჯერ გვისაუბრია ღმერთზე: „ღმერთო, თუ მართლა სამართლიანი ხარ, ამდენი ბოროტება რატომ არსებობს? თუ კეთილი ხარ, რატომ იბადებიან ბავშვები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან? ღმერთო, თუ მართლა კეთილი ხარ, მაშინ ახალგაზრდები რატომ კვდებიან? ღმერთო, თუ შენ ასეთი კეთილი ხარ, მაშინ ამდენი დაავადება რატომ არის ამ ქვეყანაზე?“ ჩვენ, ადამიანები ამ ყველაფერს ვაბრალებთ ღმერთს.“

მამა შალვას თქმით, ადამიანებმა თავიანთი ხელით გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს:

„ადამიანები ღმერთს ვაბრალებთ ჩვენს დანაშაულებს. ჩვენ, ადამიანებმა საკუთარი ხელით გამოვუტანეთ განაჩენი ჩვენს თავს. ჩვენივე ხელით მოვწამლეთ ჰაერი, ჩვენ გამოვიგონეთ ისეთი რაღაცები, რითაც ეს ჰაერი იწამლება, ჩვენ კარგ ჰაერს ვერ ვსუნთქავთ. როგორი შექმნა ღმერთმა ეს სამყარო? აბა, გადით, სადაც ადამიანის ხელი არ არის შეხებული, ნახეთ, როგორი ჰაერია იქ. სადაც ადამიანმა არ მოსპო ბუნება, ნახეთ იქ როგორი ჰაერია. აბა იცხოვრეთ ასეთ ჰაერზე,​ მიიღეთ ნატურალური პროდუქტი, ერთმანეთის მიმართ გქონდეთ სიყვარული, სითბო, არ გქონდეთ სიძულვილი და ნახავთ, თუ დაგიზიანდებათ ისე ფიზიკური სხეული.“

​საიდან არის ამდენი დაავადება? რატომ იბადებიან ბავშვები ასე? ჩვენი ბოღმის, ჩვენი ბოროტების გამოა. მოწამლულია ყველაფერი, საკვები მოწამლულია. ჩვენ ადამიანებმა საკუთარი ხელით მოვწამლეთ საკვები. ღმერთმა მოგვცა ნატურალური საკვები და ჩვენ, ადამიანები, იმიტომ, რომ ბევრი გავყიდოთ, ამ გაუბედურებულ საკვებს ვჭამთ. მერე ვიძახით, რატომ არის ბევრი დაავადებაო. თურმე ღმერთია დამნაშავე, ღმერთმა ადამიანი სამოთხეში დაბადა. ღმერთს ადამიანი არ დაუბადებია ცუდ ადგილზე,“ - აღნიშნა დეკანოზმა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად