Baby Bag

„არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო, არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას,“ - შალვა ამონაშვილი

„არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო, არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას,“ - შალვა ამონაშვილი

​აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და თავის მოვლასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. მისი თქმით, მთავარია, ადამიანს არ ეშინოდეს:

„ჩემი ამბავი მინდა გიამბოთ. ცხოვრება გავიარე, ვიყავი კარგად, ჯანმრთელად. ბოლოს მოვაღწიე აქამდე. ახლა რომ ვუყურებ ყველაფერ ამას, რას ვფიქრობ? უნდა შევინახო ჩემი თავი ჩემი შვილებისთვის. მე ის უკვე აღარ მაწუხებს, მოვკვდები თუ არა. ყველა კვდება, დედაჩემი წავიდა, მეუღლე წავიდა, ბებო და პაპა. მასწავლებლები გვყავდნენ იშვიათები, მე მარტო დავრჩი. ამას რომ ვემალებოდე, როგორც თაგვი კატას, ეს უარესია. ​შიში ყველაზე დიდი ავადმყოფობაა. მე ვფიქრობ შევინახო ჯერ ჩემი თავი, რომ შვილებს იქნებ გამოვადგე, ხელი შევუწყო რაღაცაში, ან ჩემი ცოდნა დასჭირდეთ, გამოცდილება. მეც შემიძლია რაღაც გამოვიმუშავო, საქმე გავაკეთო, ოჯახს დავეხმარო ამით, წიგნის დაწერა მიყვარს, დავწერო და ვიღაც გავახარო.“

​შალვა ამონაშვილი გვირჩევს, რომ წუწუნისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი:

„სამი რამ მინდა, რომ გირჩიოთ. არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო. არ შეაბეზროთ ხალხი. „აი, ეს მტკივა, რა ცუდად ვარ,“ - ასე იციან თქმა. იმ წუთას სამჯერ უფრო ცუდად ხდება ადამიანი და სხვასაც ცუდად ხდის. არ იწუწუნო, თქვი კარგად ვარო. დადებითი მეტყველება სამკურნალო საშუალებაა. მე რომ მკითხავთ, როგორ ხარო, ძალიან კარგად ვარ, რატომ არ ვარ ძალიან კარგად?! კი, ხუთი სტენტი მიდგას, ხანდახან რაღაც წამჩხვლეტს, რაღაც სხვებიც მაწუხებს, ისე ვეღარ დავრბივარ, მაგრამ ეს ვიწუწუნო? ასაკის მიხედვით ეს ყველაფერი ნორმაა. ამ ასაკის მიხედვით მე ძალიან ჯანმრთელად ვარ.“

​შალვა ამონაშვილის თქმით, მთავარია, ადამიანი ავადმყოფობას არ დამორჩილდეს:

„არ შეაბეზროთ თავი ვინმეს და არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას, არ წაუწვეთ ავადმყოფობას. ავადმყოფობას კი უნდა მოეფერო, უნდა მიიღო, მაგრამ არ წაუწვე. ის უნდა გააძევო. ამას აზრითაც გააძევებ, ექიმის დახმარებითაც, შეიძლება ზოგჯერ ექიმბაშმაც კი გიშველოს. ყოველთვის ელოდე, რომ ავადმყოფობა შენგან წავა. რა თქმა უნდა, წავა და გააცილე სიყვარულით, რომ უკან არ დაგიბრუნდეს, წავიდეს, გზა მიეცი მას. არ ირბინო ყველა წვრილმანის გამო ექიმთან. ექიმი, ექიმი, ექიმი, არ უნდა იყოს თქვენს კარზე ექიმი მომდგარი.“

​ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო, უთქვამთ. ეს არ არის სწორი. სულიერი კაცი იტყვის, რომ ჯანსაღ სულს ჯანსაღი სხეული მოჰყვება. ვისაც ჯანსაღი სული აქვს, უყვარს, უნდა, უხარია ცხოვრება, სხვასაც ეშველება, უშურველია, გულუხვია, გულწრფელია, ამ სულს რანაირი სხეული გამოჰყვება, როგორ ფიქრობთ? არც კიბო გაუჩნდება, არც წნევები მოუმატებს. ყველას ბედნიერებას გისურვებთ. ჯანსაღი სული თქვენი ჯანსაღი სხეულის პირველი პირობაა," - აცხადებს შალვა ამონაშვილი.

წყარო: ​ამონაშვილის აკადემია

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„ცხოვრებაში რომ განვახლდეთ, უნდა გვეჩქარებოდეს. რა არის ცხოვრება? განუწყვეტელი განახლება....
​აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი სულის მარადიული განახლების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანს ცხოვრებაში ყოველთვის უნდა ეჩქარებოდეს და ახალგაზრდობაზე ოცნებობდეს:„წარმოიდგინეთ, რომ მანქანას...

შეიძლება დაინტერესდეთ

მარტივი ტესტი მსხვილი ნაწლავის ფუნქციის შესამოწმებლად - ფიტოთერაპევტ მარინა წულუკიძის რჩევები

მარტივი ტესტი მსხვილი ნაწლავის ფუნქციის შესამოწმებლად - ფიტოთერაპევტ მარინა წულუკიძის რჩევები

ფიტოთერაპევტმა მარინა წულუკიძემ მსხვილი ნაწლავის ფუნქციის შესამოწმებელი მარტივი მეთოდების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 50 გრამი ჭარხლის წვენის დალევა დაგვეხმარება ჩვენი მსხვილი ნაწლავის მდგომარეობის შეფასებაში:

„პაციენტებს თვითონ შეუძლიათ გაარკვიონ, რამდენად დაბინძურებულია მათი ორგანიზმი, ​ღვიძლი და მსხვილი ნაწლავი, პირველი კატეგორიის იმუნური სისტემის მარეგულირებელი ორგანოები. შეგიძლიათ აიღონ 50 გრამი ჭარხლის წვენი, დალიოთ. თუ ერთი საათის ან თუნდაც ნახევარი საათის შემდეგ შარდი გაწითლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვილი ნაწლავი კატასტროფულ მდგომარეობაშია და სასწრაფოდ ითხოვს გაწმენდას.“

მარინა წულუკიძის თქმით, კომბოსტოსა და ლობიოს მირთმევის შემდეგ მეტეორიზმი ნორმალური მოვლენა არ არის:

„ცნობილი ფაქტია და ყველას ასე ჰგონია, რომ თუ ადამიანი ჭამს კომბოსტოს, ბოლოკს, ლობიოს, გაზების დაგროვება თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. ეს ასე არ არის. აქაც მინდა, რომ მარტივი რამ გასწავლოთ. ბოსტნეული და ხილი შეიცავს გოგირდს და ქლორს. ბოსტნეულის ჭამის დროს შედიან რეაქციაში ნაწლავში არსებულ ბაქტერიებთან, ​იწყება არასრულფასოვანი მონელების პროცესი, რასაც მოჰყვება გაზების დაგროვება. მიდის ლპობითი პროცესი და გაზი ლპობითი პროცესის პასუხია.“

„აიღეთ 50 გრამი კომბოსტოს წვენი და დალიეთ. ლობიოს ნახარშის წვენიც შეგიძლიათ დალიოთ. თუ შებერილობა დაგეწყებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწლავი არის ძალიან დაზიანებული და სასწრაფოდ საჭიროებს წმენდას,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა წულუკიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად