Baby Bag

„კოვიდ-19 ბავშვებში ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში,“ - ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

​​ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ბავშვებში კოვიდ-19-ის გავრცელების სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსი პატარებში ისევე ვრცელდება, როგორც დიდებში:

„თავიდან იყო მოსაზრება, რომ კოვიდ - 19 ბავშვებში ნაკლებად ვრცელდება, თუმცა ეს არ დადასტურდა. ეს დაავადება ბავშვებშიც ვრცელდება ისევე, როგორც ზრდასრულებში. ბავშვებს​ კოვიდ-19 ნამდვილად მსუბუქად გადააქვთ. ამას ჩვენი და მსოფლიო პრაქტიკაც გვიჩვენებს. საბედნიეროდ, ბავშვებში ბევრად ნაკლები გართულებაა, ვიდრე მოზრდილებში. კარგია, რომ ბევრი მძიმე პაციენტი ბავშვი არ გვყავს. არის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ თითქოს ბავშვები ნაკლებად გადამდები არიან, მაგრამ ეს პირობითია, იმიტომ, რომ ბავშვებიც გადამდები არიან. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც ბავშვი სკოლიდან დაინფიცირდა და შემდეგ დაავადება გადასდო ოჯახის წევრებს. კი, ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს კოვიდი, მაგრამ მათ ოჯახში ჰყავთ დედა, მამა, ბებია. მათთან შეიძლება დაავადება წავიდეს მძიმედ.“

ალექსანდრე გოგინავას თქმით, ბავშვებთან სოციალური დისტანციის წესების დაცვა ძალიან რთულია:

„ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში ​პირბადე რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვს აქვს რაიმე თანდართული და ფონური დაავადება, რომელიც კრძალავს პირბადის გამოყენებას, მან პირბადე არ უნდა ატაროს. ბავშვებთან რთულია დისტანციის დაცვა. სკოლებსა და ბაღებში, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს ძალიან რთულად კონტროლდება. თეორიულად ამის გაკეთება ადვილია, მაგრამ პრაქტიკაში, როდესაც 25-30 ბავშვთან გვაქვს საქმე, ამის გაკონტროლება ძალიან რთულია.“

​სკოლები ასოცირდება მობილობის გაზრდასთან. თითოეულ სკოლაში რამდენიმე ასეული ადამიანია. სკოლაში არ არიან მხოლოდ ბავშვები, იქ არიან მასწავლებლები, არის პერსონალი. სკოლების გაჩერება ამ ეტაპზე იმით არის გამოწვეული, რომ მობილობის შემცირება მოხდეს. მოგეხსენებათ, რომ ახლა ვიმყოფებით პიკურ ეტაპზე. დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი შემთხვევა გვაქვს. ჩვენი ყველას ვალია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ მზარდი სტატისტიკის შეჩერება. თუ ეს ვერ მოხერხდა, შემდეგ შეზღუდვები და ბოლომდე სწავლების დაგეგმვა გაჭირდება. სჯობს დროული, სწრაფი და ეფექტიანი შეზღუდვები იყოს, რომ სამომავლოდ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდეს,“ - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

წყარო: ​დილა მშვიდობისა საქართველო

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი,“ - ევგენი კომა...
​ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი დისტანციური სწავლების საკითხს ეხმიანება ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გამოცემასთან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ბავშვების სახლში გამოკეტვა პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი ტიპის შოკოლადია საუკეთესო გულისათვის?

რომელი ტიპის შოკოლადია საუკეთესო გულისათვის?
რომელი ტიპის შოკოლადია საუკეთესო გულისათვის? - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის პოსტს:

„შოკოლადი კარგია სისხლის მიმოქცევისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კარგია გულისთვის. მაგრამ ყველა შოკოლადი არ არის ერთნაირი და მისმა ჭარბმა მოხმარებამაც შესაძლებელია პრობლემები შექმნას.

​შოკოლადი არის „ფლავონოიდი“ პარკოსანი კაკაოდან მიღებული, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი - ეხმარება უჯრედულ რეგულაციურ აქტივობას, ებრძვის უჯრედის-დამაზიანებელი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომელიც თავისთავად იწვევს ორგანიზმზე ოქსიდაციურ სტრესს.

ეს ფლავონოიდები ეხმარება გულს შემდეგნაირად:
1. ახდენს ქოლესტერინის კონტროლს
2. ამცირებს სისხლის წნევას
3. ამცირებს სისხლის თრომბის წარმოქმნას
4. აინჰიბირებს წებოვანი თრომბოციტების წარმოქმნას
5. აუმჯობესებენ სისხლის მიდინებას ვისცერალურ ორგანოებამდე

შავი შოკოლადი არის საუკეთესო, რადგან ის არის ყველაზე ნაკლებად დამუშავებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე მაღალი პროცენტულობით შეიცავს „ფლავონოიდით“ სავსე პარკოსან კაკაოს.

​უფრო დეტალურად, თუ რა შედის შიგნით:

ცნობილი როგორც, ნახევრად-ტკბილი შოკოლადი - შავი შოკოლადი შეიცავს სულ მცირე 35% კაკაოს.

დარჩენილი ნაწილი შედგება კაკაოს კარაქისგან (პარკოსანი კაკაოს ნატურალური ცხიმი), შაქრისგან, ემულგატორებისგან (ნივთიერებები, რომლებიც ინგრედიენტების ერთად არსებობას უზრუნველყოფს) და ვანილისგან. შესაძლებელია ასევე დამატებული იყოს რძე სტრუქტურის დასარბილებლად.

რეკომენდაცია

  • რაც უფრო „შავია“, მით უკეთესია. 
  • მიირთვი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით - 70-85%.
  • მიირთვი დღეში - 28 გრამი, აკონტროლე კალორიების რაოდენობა.
  • სტანდარტული შოკოლადის ფირფიტა არის დაახლოებით - 100 გრამი, შესაბამისად, არ მიირთვა ფირფიტის 1/3-ზე მეტი.
  • კვებითი ღირებულება: 8-12 გრამი ცხიმი, 0 გრამი ტრანს-ცხიმი - ყოველ 28.4 გრამ პორციაზე - ამით ვიღებთ მაგნიუმს, რკინას, კალიუმს, კალციუმს და სხვადასხვა ვიტამინს.

რძიანი შოკოლადი

FDA-ი ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ რძიან შოკოლადში შედიოდეს სულ მცირე 10% კაკაო და სულ მცირე 12% მშრალი რძე.

დანარჩენი ნაწილი შავი შოკოლადის მსგავსად, შეიცავს კაკაოს კარაქს, შაქარს, ემულგატორებს და ვანილს.

რეკომენდაცია

ჭამე შეზღუდული რაოდენობით:
რძიანი შოკოლადი შეიცავს უფრო მეტ შაქარსა და ცხიმს ვიდრე შავი შოკოლადი.

კვებითი ღირებულება: >12 გრამი ცხიმი ყოველ 28.4 გრამ პორციაზე.

თეთრი შოკოლადი

შოკოლადის დერივატი (წარმოებული), შეიცავს 20% კაკაოს კარაქისგან და 55%-ზე მეტი შაქრისგან.

რეკომენდაცია - არ შეჭამო ან ჭამე ძალიან ცოტა რაოდენობით!!!!!!

ვერდიქტი

შოკოლადს 70% კაკაოს შემცველობით გააჩნია კარგი თვისებები ჯანმრთელობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უნდა მოხდეს მისი მცირე რაოდენობით გამოყენება: 100 გრამი შავი შოკოლადი=500 კალორიას.

დაუმტკბარი (unsweetened) შოკოლადი არის 100%-იანი კაკაო.

ის არის ძალიან მწარე და გამოიყენება მხოლოდ საკვების მოსამზადებლად.

სცადეთ გამოიყენოთ 100% კაკაოს ფხვნილი ცხელი კაკაოს მოსამზადებლად, სახლში დამზადებულ ნამცხვრებში (ჩაანაცვლეთ რძიანი შოკოლადი) ან დაამატეთ ის ყავაში ან იოგურტში,“ - წერს ექიმი ზაზა თელია.

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

წაიკითხეთ სრულად