ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ბავშვების სეზონური ვირუსებით ავადობის შესახებ ისაუბრა:
„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა. ცხვირიდან გამონადენი და სურდო, რა თქმა უნდა, ნაკლები რისკის შემცველია. ამის უკან ძალიან ხშირად დგას ან ძველი კორონავირუსი, ან რინოვირუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გაციებულია, მაგრამ სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ნუ გაუშვებთ გაციებულ ბავშვს საბავშვო ბაღში, სკოლაში. ის სხვებისთვის რისკის შემცველია. აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი. რჩევა გვაქვს, რომ ამ დროს ბავშვს დამატებით მისცეთ სითხე, ჩაი, რძე, მინერალური წყალი. სითხის დამატებით მიცემა და ტემპერატურის კონტროლი არის ბავშვის მოვლის აუცილებელი ნაწილი.
ბავშვის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, ვუვლით თუ არა სწორად მას, გვაქვს თუ არა ფანჯრები ღია, ვანიავებთ თუ არა ოთახს, ვასუფთავებთ თუ არა მის გარშემო საგნებს სველი წესით. რინოვირუსის დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ვეცადოთ ბავშვის იზოლირებას. ნუ შევუზღუდავთ მას მოძრაობას, უბრალოდ შეზღუდვა გვაქვს კონტაქტების. ნუ გავუშვებთ ბავშვს ბაღში. შეიძლება ერთი ბავშვისთვის ვირუსი აღმოჩნდეს მსუბუქი და მეორე ბავშვს გაურთულდეს. ბავშვი ბინის პირობებში უნდა იყოს იზოლირებული.
ვერცერთი ბავშვი ვერ გაიზრდება რესპირაციული ვირუსების გადატანის გარეშე. ეს წარმოუდგენელია. ჩვენთვის მთავარია არა ავადობის სიხშირე, არამედ მისი სირთულე. წლის განმავლობაში 10 გაციება ნორმალურია. ნუ თვლით გაციების ეპიზოდებს. ნუ ჩათვლით, რომ ეს ბავშვის სუსტი იმუნური პასუხის მიმანიშნებელია, სრულებითაც არა!“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.