ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პოტენციურმა რისკმა თქვენი ცხოვრება პრინციპულად არ უნდა შეცვალოს,” - ევგენი კომაროვსკი
ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში ვირუსული ინფექციებით ბავშვის დაინფიცირების შიშით შეპყრობილ მშობლებს გამოეხმაურა და ურჩია პანიკას ზედმეტად არ აყვნენ:
„ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პათოგენთა დიდი ნაწილი ადამიანის ორგანიზმისთვის არანაირ რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ დედამ მათზე რეაგირების წესები იცის: თუ დედამ იცის, რომ ბავშვს ნორმალურად უნდა ეცვას, რომ ოთახში საკმარისი ტენიანობა და სიგრილე უნდა იყოს, რომ საჭიროა ბევრი სითხის მიღება და ბავშვისთვის არანაირი განსაკუთრებული წამლის მიცემა საჭირო არ არის, ასევე თუ დედამ იცის, როგორ დაეხმაროს ბავშვის ორგანიზმს ტემპერატურის მატებისას, როგორ გამოურეცხოს ბავშვს ცხვირი მარილიანი ხსნარებით.
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პოტენციურმა რისკმა თქვენი ცხოვრება პრინციპულად არ უნდა შეცვალოს, უფრო მეტიც გავლენა არ უნდა მოახდინოს ნათესავებთან თქვენს ურთიერთობაზე. დაახლოებით წარმომიდგენია კონფლიქტისა და უკმაყოფილების დონე, როდესაც ქალაქში შვილთან და შვილიშვილთან ჩასულ ბებიას რძალი ეუბნება: „ნუ მოხვალ ჩვენთან სახლში, შეიძლება დავინფიცირდეთ!“ მეჩვენება, რომ ამგვარი განცხადების გამო კონფლიქტებისა და წყენის რისკი ვირუსით გამოწვეულ გართულებებზე ბევრად მაღალია.
კატეგორიულად გირჩევთ, რომ ვითარება არ დაძაბოთ. ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის წესები შეისწავლეთ, გაეცანით ვირუსის დროს ბავშვის დახმარების წესებს. ბავშვს ასწავლეთ,როგორ დაარწმუნოს სტუმრად მოსული ბებია, რომ გამუდმებით ბინაში არ უნდა იჯდეს, შვილიშვილთან ერთად ისეირნოს და ქალაქი დაათვალიეროს,“ - წერს ევგენი კომაროვსკი.