ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„ლოკდაუნის დროს განსაკუთრებით მძიმე დღეში ჩაცვივდნენ ქალები,“ - ფსიქიატრი მანანა შარაშიძე
ფსიქიატრი მანანა შარაშიძე კოვიდ-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში ჩაკეტვა აუცილებელია, თუმცა შეზღუდვები უნდა იყოს მიზნობრივი. მანანა შარაშიძე აღნიშნავს, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური დეპრესია ფსიქიკურ დეპრესიასაც იწვევს:
“კოვიდ-19 იწვევს ეკონომიკურ დეპრესიას, რაც თავის მხრივ იწვევს ფსიქიკურ დეპრესიას. მოიმატებს სუიციდების რიცხვი. ქვეყანას არ აქვს სუიციდის პრევენციის პროგრამა. ფისიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გასაძლიერებელია. ახლა ჩვენ ყველას გვჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება.“
მანანა შარაშიძე აცხადებს, რომ ლოკდაუნის დროს განსაკუთრებით მძიმე სტრესის ქვეშ ქალბატონები იმყოფებიან, რადგან მათ სამსახურისა და ოჯახის საქმეების შეთავსება უხდებათ. ფსიქიატრი ყურადღებას ამახვილებს პანდემიის დროს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე. ის მშობლებს მოუწოდებს, პატარებს ინფორმაცია მათი ასაკის გათვალისწინებით მიაწოდონ.
მანანა შარაშიძის თქმით, შფოთვა და შიში საფრთხეზე ნორმალური რეაქციაა, თუმცა ზომიერების დაცვა უნდა შეგვეძლოს. ფსიქიატრის მტკიცებით, ის ადამიანებიც კი, რომლებიც კორონავირუსის არსებობას უარყოფენ, ასე შიშის გამო იქცევიან და მისგან გაქცევას ცდილობენ.
„ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვირუსი არ არსებობს, ეშინიათ. ზოგიერთს ძალიან ეშინია. კონსპირაციის თეორიებში წასვლა არის თავდაცვა,“ - აცხადებს მანანა შარაშიძე.