ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„მამამ ყოველთვის უნდა დაამტკიცოს თავისი მამობა, თავისი სიკეთით, გონიერებით და ვაჟკაცობით,” - პედიატრი ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვისა და დედის ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების დადებითი გავლენის შესახებ ისაუბრა:
„როდესაც დედა ძუძუს აძლევს ბავშვს, გამოიყოფა სპეციალური ჰორმონი, ოქსიტოცინი ჰქვია. ის საშვილოსნოსაც შეკუმშავს. ტონუსში მყოფი საშვილოსნო არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი კრიტერიუმი. როდესაც დედა ძუძუს აძლევს ბავშვს, ხელახლა ჩასახვის რისკი გარკვეულწილად მცირდება. ორი-სამი თვე, როგორც წესი, დედა დაცულია. ძუძუს კიბო არის ერთ-ერთი უხშირესი სიმსივნე. თუ ქალმა ძუძუთი გაზარდა 3-4 შვილი, მას პრაქტიკულად ძუძუს კიბო არ ემართება. ძუძუს კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკა არის ძუძუთი კვება.
ყარამან ფაღავას თქმით, დედის რძე ბავშვს ინფექციებისგან იცავს და მის იმუნიტეტს აძლიერებს:
„პატარა ბავშვს დამცველობითი უნარი, იმუნოლოგიური რეაქტიულობა შედარებით დაქვეითებული აქვს. დედის მეშვეობით იგი ღებულობს იმუნოგლობულინებს, ანტისხეულებს. ეს იცავს მას ინფექციებისგან. ამიტომაც არის, რომ ექვს თვემდე ჩვილი ბავშვი, როგორც წესი არ ხდება ავად. გარეთ ყინვაში შიშველს თუ გაიყვან ან რამდენიმე სტუმარი თუ მოვა და ყველამ აკოცა სახეში, შეიძლება დაემართოს ინფექცია. დედის რძის საშუალებით გადასული დამცველობითი ნივთიერებები შესანიშნავად იცავს ბავშვს ასეთი ინფექციებისგან.“
„დედა ბავშვს რომ აძლევს ძუძუს, მათ შორის რაღაც უხილავი სიმები იქმნება. ეს არის ძაფები ურთიერთსიყვარულისა, ურთიერთსითბოსი. მამამ ყოველთვის უნდა დაამტკიცოს თავისი მამობა, თავისი სიკეთით, გონიერებით და ვაჟკაცობით. დედასა და ბავშვს შორის ისეთი კავშირებია, ბუნებრივი კვების შემდეგ და ისედაც, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ამ კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია,“ - აღნიშნა ყარამან ფაღავამ.