ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი? - ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე
ენდოკრინოლოგმა ნათია ვაშაყმაძემ ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის მიმანიშნებელი სიმპტომების შესახებ ისაუბრა:
„D ვიტამინის დეფიციტი, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. იშვიათად შესაძლებელია ახალშობილებში ყიფლიბანდის გვიან დახურვა იყოს, ფეხის ადგმა იყოს დაგვიანებული, ოფლიანობა იყოს გამოხატული. ღრმა დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი, ძვლების დეფორმაციით და ა.შ.“
ნათია ვაშაყმაძის თქმით, არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა შემთხვევაში D ვიტამინის დონის შეფასება სიმპტომების არარსებობის მიუხედავად საჭიროა:
„არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორები, როდესაც რეკომენდებულია, რომ D ვიტამინის დონე შეფასდეს, იმის მიუხედავად აქვს თუ არა ადამიანს სიმპტომი. ერთ-ერთი არის მზის ნაკლებობა, თუ დღის პერიოდის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს შინ ვატარებთ, ასევე ბუნებრივად მუქი ფერის კანი. რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო უჭირს მას D ვიტამინის წარმოქმნა.“
„სიმსუქნე ბავშვებშიც და დიდებშიც ხელისშემწყობია D ვიტამინის დეფიციტის განვითარების. გარდა ამისა გარკვეული მედიკამენტები, მზისგან დამცავი კრემებიც აფერხებს მნიშვნელოვნად D ვიტამინის წარმოქმნას. D ვიტამინის დანამატების და მისგან სარგებლის მიღებას აზრი აქვს მხოლოდ დეფიციტის შემთხვევაში,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათია ვაშაყმაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.