ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„ცხოვრება იმდენად პატარაა, ადამიანს დრო არ უნდა გრჩებოდეს ცუდ ხასიათზე ყოფნის“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე
ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა, როგორ უნდა მიუდგეს ადამიანი ამა თუ იმ საკითხს, რომ მარტივად გადაჭრას. მისი თქმით, შეიძლება ვიღაცამ ყველგან უბედურება და სიმახინჯე დაინახოს, ბრძოლა დაინახოს იქ, სადაც საბრძოლველი არაფერია:
„ცხოვრება იმდენად პატარაა, ადამიანს დრო არ უნდა გრჩებოდეს ცუდ ხასიათზე ყოფნის. შენ ქმნი შენს განწყობებს, შენ ქმნი შენს ხედვას. ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს, შეიძლება ვიღაცამ ყველგან უბედურება და სიმახინჯე დაინახოს, ბრძოლა დაინახოს იქ, სადაც საბრძოლველი არაფერია. როდესაც ამოცანას ვხსნი, მე უბრალოდ ვმუშაობ, რომ გადავწყვიტო საკითხი, მივიღო შედეგი, განვვითარდე - აქ ყველგან შეიძლება გამოვიყენოთ სიტყვა „ბრძოლა“. სადაც ბრძოლაა, მისი შედეგი ორია - გამარჯვება და დამარცხება. სადაც ამოხსნაა, იქ არის საკითხის დამატებითი ანალიტიკა, თუ რაღაც არ გამომდის, კიდევ ვფიქრობ, როგორ გავაკეთო და არ ვფიქრობ, რომ დავმარცხდი. ედისონს ჰკითხეს - რამდენი წარუმატებელი მარცხი გქონდათო, მან კი უპასუხა, პირიქით, ეს იყო წარმატებული ინფორმაცია, რომლითაც მივხვდი, რომ ის გზა იყო არასწორიო. მან ასე შეაფასა იმიტომ, რომ მარცხი არის ემოციური დარტყმა ადამიანზე და სულ სხვა ემოციებს იწვევს,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურა მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.