Baby Bag

სანამ ბავშვი პირველ სიტყვას იტყვის, მანამდე მან მოსმენა და მოსმენილის გაგება უნდა შეძლოს - 9 მარტივი რეკომენდაცია მეტყველების განვითარების ხელშესაწყობად

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე მეტყველების განვითარების ხელშეწყობაზე საუბრობს. 

მშობლები ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდებიან შვილების მიერ წარმოთქმულ პირველ სიტყვებს. მეტყველებასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას:

  • სანამ ბავშვი პირველ სიტყვას იტყვის, მანამდე მან მოსმენა და მოსმენილის გაგება უნდა შეძლოს. ამიტომ ხშირად გაახმოვანეთ თქვენი და ბავშვის მოქმედებები 
  • წაუკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებიც შედგება მარტივი სიუჟეტებისგან და არის დასურათებული
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ამ წიგნებს წაუკითხავთ, მიუთითეთ ტექსტის შესაბამის ილუსტრაციებზე, წაახალისეთ ბავშვი, რომ მანაც იგივე გაიმეოროს
  • გამოიყენეთ ისეთი ლექსები, სიმღერები და ზღაპრები, სადაც ერთი და იგივე სიტყვები ხშირად მეორდება 
  • პერსონაჟების სახელები ჩააანაცვლეთ ხოლმე ბავშვის ან იმ ადამიანების სახელებით, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს
  • ბავშვთან საუბრის დროს ხშირად შეცვალეთ ინტონაცია, მიმიკა, ჟესტები. ასეთ დროს ბავშვებს უფრო მეტად უჩნდებათ ჩვენი მიბაძვის სურვილი
  • თქვენ თავადაც მიბაძეთ ბავშვს. გაიმეორეთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და განავრცეთ ისინი
  • ეცადეთ, რომ ბავშვმაც გაიმეოროს თქვენ მიერ ნათქვამი ბგერები
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვს ექნება მცდელობა, რომ თქვენ მიერ ნათქვამი ბგერა გაიმეოროს, წაახალისეთ თქვენი მხიარული რეაქციებით.

მშობლის პოზიტიური რეაქციები ბავშვს განვითარების ნებისმიერ საფეხურზე ეხმარება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ ფრაზებით ბავშვებს შეიძლება ტყუილებს ვასწავლიდეთ,“- ფსიქოლოგ პაატა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

„ამ ფრაზებით ბავშვებს შეიძლება ტყუილებს ვასწავლიდეთ,“- ფსიქოლოგ პაატა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა უფროსებს ურჩია, არ გამოიყენონ ისეთი ფრაზები, რომელიც ბავშვებს ტყუილს აჩვევს:

„ტყუილს ბავშვები ეჩვევიან ჩვენს მაგალითებზე. ბავშვებთან მიმართებაში ნათქვამი ტყუილების მაგალითები რომ გავიხსენოთ: „დროზე თუ არ დაწვები, პოლიცია მოვა და წაგიყვანს,“ ან „ამ თეფშს თუ არ მოასუფთავებ, უშნო ცოლი გეყოლება.“ ტუილებს ბავშვებს შეიძლება ვასწავლიდეთ უკვე ამ ფრაზებით. ბავშვი მიხვდება, რომ არ დაიძინებს და არც პოლიციელი წაიყვანს, ე.ი. ყველა ატყუებდა. ეს უკვე მოდელი და ნიმუშია, როგორ მოიტყუოს.“

„მატყუარა ადამიანი ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება. ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი ყოველთვის არსებობს ჩვენში. ლიტერატურის და ფილოსოფიის ყველაზე დიდი ნაწილია, თუ როგორ მიმართებაში მოდის ჩვენი ქცევები და მოქმედებები სინდისთან. დოსტოევსკი ამის მეტს არაფერს არ წერდა, რატომ გვაწუხებს სინდისი. მოდი, გავასუფთავოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა ადამიანთან, წმინდა გავხადოთ, ის უფრო ზრუნვაზე დავაფუძნოთ, ვიდრე გამორჩენაზე. უფრო ბედნიერები ვხდებით ამის მერე ყველანი,“- აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად