Baby Bag

სანამ ბავშვი პირველ სიტყვას იტყვის, მანამდე მან მოსმენა და მოსმენილის გაგება უნდა შეძლოს - 9 მარტივი რეკომენდაცია მეტყველების განვითარების ხელშესაწყობად

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე მეტყველების განვითარების ხელშეწყობაზე საუბრობს. 

მშობლები ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდებიან შვილების მიერ წარმოთქმულ პირველ სიტყვებს. მეტყველებასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას:

  • სანამ ბავშვი პირველ სიტყვას იტყვის, მანამდე მან მოსმენა და მოსმენილის გაგება უნდა შეძლოს. ამიტომ ხშირად გაახმოვანეთ თქვენი და ბავშვის მოქმედებები 
  • წაუკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებიც შედგება მარტივი სიუჟეტებისგან და არის დასურათებული
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ამ წიგნებს წაუკითხავთ, მიუთითეთ ტექსტის შესაბამის ილუსტრაციებზე, წაახალისეთ ბავშვი, რომ მანაც იგივე გაიმეოროს
  • გამოიყენეთ ისეთი ლექსები, სიმღერები და ზღაპრები, სადაც ერთი და იგივე სიტყვები ხშირად მეორდება 
  • პერსონაჟების სახელები ჩააანაცვლეთ ხოლმე ბავშვის ან იმ ადამიანების სახელებით, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს
  • ბავშვთან საუბრის დროს ხშირად შეცვალეთ ინტონაცია, მიმიკა, ჟესტები. ასეთ დროს ბავშვებს უფრო მეტად უჩნდებათ ჩვენი მიბაძვის სურვილი
  • თქვენ თავადაც მიბაძეთ ბავშვს. გაიმეორეთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და განავრცეთ ისინი
  • ეცადეთ, რომ ბავშვმაც გაიმეოროს თქვენ მიერ ნათქვამი ბგერები
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვს ექნება მცდელობა, რომ თქვენ მიერ ნათქვამი ბგერა გაიმეოროს, წაახალისეთ თქვენი მხიარული რეაქციებით.

მშობლის პოზიტიური რეაქციები ბავშვს განვითარების ნებისმიერ საფეხურზე ეხმარება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბებიებსა და ბაბუებს ურჩია, რომ შვილიშველბს შენიშვნები არ მისცენ და მათში კარგის დანახვაზე იყვნენ ორიენტირებულები. შალვა ამონაშვილის თქმით, ასეთ დროს ბავშვს გულში მაინც აწუხებს ის, რომ ის დაჩაგრეს და მას უსაყვედურეს:

„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს. ვინც შენიშვნას აძლევს შვილიშვილს, თვითონ არის შენიშვნის ღირსი, რომ რატომ აკეთებ ამასო. ბავშვი რაც გამოსდის, იმას აკეთებს. ჩვენ დადებითი ვეძებოთ ბავშვში. იცელქა, რაღაც გაუტყდა, ფეხი წამოკრა, „აი, ხომ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე,“ - თავს გამოიჩენს ბებია და ბაბუა.“

​არ უნდა ეს გაფრთხილებები. ბავშვი არ ფრთხილდება ასეთი შენიშვნებით. ბავშვს გულში რაღაც აწუხებს, ეთანაღრება, რომ შენიშვნებით დამჩაგრესო. არ სჯობს, ერთმანეთს ვუყუროთ სიკეთით. სიკეთე და სილამაზე დავინახოთ და იმას დავემყაროთ. შენიშვნებს რა გამოლევს ჩვენს ცხოვრებაში. იმას თუ გამოვეკიდეთ, წარსულში დავრჩებით, მატარებელი კი წინ მიდის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად