Baby Bag

„მე სულ თავზე ვაზივარ ბენს და ვურტყამ ხოლმე, იმიტომ, რომ ლიდერი ვარ ურთიერთობაში,“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილმა გადაცემა „იმედის დღეში“ ოჯახური იდილიის შესახებ ისაუბრა:

„ოჯახური იდილიის საიდუმლო არ არსებობს. ვინც გეტყვით, რომ არსებობს, ის აუცილებლად გატყუებთ. შემჩნეული მაქვს, რომ როგორც კი ვინმეს ავიჩემებ, ვიტყვი, ეს რა კარგი წყვილია, როგორ მშურს, რა კარგი ურთიერთობა აქვთ-მეთქი, მაშინვე შორდებიან. როგორც კი ვხედავ, რომ ადამიანი საჯაროდ ქადაგებს იდილიაზე და ყვება, რომ რაღაც საიდუმლო აქვს, ყველაფერი ცუდად მთავრდება.“

ნუკის თქმით, მას ოჯახური იდილიის საიდუმლო არ აქვს:

„მე არ მაქვს ოჯახური იდილიის საიდუმლო. ჩვენ ვჩხუბობთ, ერთმანეთს ვეუბნებით კიდეც: „აღარ დაგინახო!“ მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოატყუოთ ერთმანეთს, თავიდანვე უნდა აჩვენოთ პარტნიორს, ვინ ხართ რეალურად, რომ მერე სიურპრიზები არ არსებობდეს. ვფიქრობ, რომ მეგობრობა და პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად აკეთებდეთ ყველაფერს და არ იყოს გამოკვეთილი ლიდერი. ახლა ისეთ რაღაცებს ვამბობ, რაც ისედაც იცით. კი ვამბობ, რომ გამოკვეთილი ლიდერი არ უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ მე სულ თავზე ვაზივარ ბენს და ვურტყამ ხოლმე, იმიტომ, რომ ლიდერი ვარ ურთიერთობაში. დათმობებზე წასვლა ძალიან მიჭირს, მე და ბენს ორივეს ლიდერული ხასიათი გვაქვს. როდესაც გადაწყვეტილების მიღებაზე დგება საქმე, აუცილებლად ვჩხუბობთ. ბავშვის დაბადების დღეა, მე ვფიქრობ, რომ სადმე წავიყვანო და გავართო. ბენი მეუბნება, რომ ახლა რთული პერიოდია და არ უნდა წავიყვანო. მირჩევს, ისეთი რამ გავაკეთო, რაც ბავშვს დაამახსოვრდება. მე ვუწყებ ჩხუბს, რომ გაერკვეს რა უნდა, დაამახსოვრდეს ბავშვს დაბადების დღე, თუ არ დაამახსოვრდეს. ასეთ წვრილმან რაღაცებზე ყოველთვის ჩხუბი მოგვდის.“

„ჩემი და ბენის ურთიერთობა თავიდანვე შორი მანძილიდან დაიწყო. ორი წელი ასე ვცხოვრობდით, ჩავდიოდი, იქ ორი კვირა ვიყავი, მერე, შეიძლება, ექვსი თვე ან ერთი წელი არ მენახა. შესაბამისად, მესიჯები და ტელეფონით ლაპარაკი ჩვენთვის ურთიერთობის მისაღები ფორმაა. მეტსაც გეტყვით, ვამბობთ ხოლმე, რომ კარანტინში ერთად რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად დავშორდებოდით,“ - აღნიშნა ნუკი კოშკელიშვილმა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„სასურველია, რომ კვირაში ორჯერ მივიღოთ სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტი,“- ლევან რატიანის რეკომენდაცია

„სასურველია, რომ კვირაში ორჯერ მივიღოთ სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტი,“- ლევან რატიანის რეკომენდაცია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ თევზის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა:

„ნუტრიციოლოგებმა თევზი შეიტანეს იმ საკვებთა ნუსხაში, რომლებიც სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საკვებ ნივთიერებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველია, რომ კვირაში ორჯერ მივიღოთ სხვადასხვა სახეობის თევზის პროდუქტი. ეს თავისთავად იწვევს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, ანტიოქსიდანტური სისტემის აქტივაციას, იმუნომოდულაციას.

პირველი, რაზეც კვირაში ორჯერ თევზის მიღება აისახება, ეს არის კანი. მას ენიჭება ელასტიურობა და რეგენერაციის მაღალი უნარი. ადამიანები უფრო მოგვიანებით ნაოჭდებიან.

თევზის მიღება ომეგა 3-ის შემცველობიდან გამომდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის რისკს ამცირებს. ასევე თევზი ხელს უწყობს გულის ნორმალური რიტმის შენარჩუნებას.

თევზი დადებითად მოქმედებს და ისეთი დაავადებების პრევენციას ახორციელებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში დეფექტურ იმუნიტეტს წარმოქმნის. ეს არის ე.წ. აუტოიმუნური დაავადებები.

თევზში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.“

ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას თქმით, თევზის მიღება სასარგებლოა ჩვენი სისხლისთვისაც.

„თევზის მიღება ხელს უშლის სისხლძარღვებში ქოლესტერინის ფოლაქების ჩალაგებას, შესაბამისად გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის განვითარების რისკებს ამცირებს.

თევზში შემავალი ომეგა 3 ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია D ვიტამინის წარმოქმნის. ის ჩვენს ორგანიზმსა და გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედებს.

თევზი დადებითად ზემოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე,“- აღნიშნა ლაშა უჩავამ.

წყარო:​ „ექიმები“

წაიკითხეთ სრულად