Baby Bag

„წლის განმავლობაში ბავშვები ფიზიკურად ძალიან შეზღუდულები არიან, ქალაქში ეზოს ფენომენი აღარ არსებობს,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა „სხვა შუადღეში“ ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„თავისუფლება არავის წყენს, თუმცა გააჩნია მის მასშტაბებს. თავისუფლება ორი სახის არის: ფიზიკური და ემოციური. მთავარი, რაც სჭირდება ბავშვს, არის მისი ფიზიკური აქტივობა. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში ბავშვები ფიზიკურად ძალიან შეზღუდულები არიან, ეს განსაკუთრებით ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს ეხება. სკოლაში სპორტის გაკვეთილებს ძალიან ცოტა დრო ეთმობა. ქალაქში ეზოს ფენომენი აღარ არსებობს, მე ეზოში გავიზარდე. ხომ გახსოვთ დედის ხმა: „ამოდი“ და ქვემოდან: „დე, ცოტა ხანი კიდევ.“ ასეთი რამ საერთოდ აღარ ისმის. ამ გაგებით თავისუფალი გარემოს შექმნის ერთადერთი საშუალება არის ზაფხული. სამწუხაროდ, ზოგიერთი ოჯახისთვის ფიზიკურად შეუძლებელია, ზოგს ფინანსური პრობლემები აქვს და ვერ ახერხებს ბავშვების დასვენებას. გარდა ამისა, ბავშვებს თვალყურის დევნება სჭირდებათ. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი 2 წლის არის, თუ ათის. გარკვეული სახის შეზღუდულობის ან პირადი საქმიანობის გამო მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვი მის თვალსაწიერში იყოს. ამიტომ მშობლებისთვის ხშირად კარგი გამოსავალია, რომ ბავშვი სახლში დარჩეს, დაჯდეს და იკითხოს.“

ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, ბავშვმა არდადეგების დროს წიგნი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წაიკითხოს, თუ ეს მისი თავისუფალი არჩევანია:

„შესაძლებელია, რომ ბავშვმა წიგნი ზაფხულშიც წაიკითხოს, მაგრამ როდესაც ამას აქვს ძალდატანებითი ხასიათი, ეს არასწორია. კითხვა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი აქტივობა, რომელიც ჩემი არჩევანია, მეცადინეობა კი არის იძულება. თუ გავიხსენებთ ჩვენს თავს, მაისიდან სექტემბრამდე რამე გავიწყდებოდათ? თუ რამე ისწავლეთ, დღემდე გემახსოვრებათ. სკოლაში ნასწავლი ნებისმიერი ლექსი ან ფიზიკის კანონი, თუ ისწავლეთ, ყოველთვის გახსოვთ. თუ აპრილში არ ისწავლეთ, რა თქმა უნდა, სექტემბერში აღარ გემახსოვრებათ. ავიღოთ მარტივი ალეგორია: შვებულებაში ვინმე მუშაობს? არდადეგებიც შვებულებაა, ეს ხომ სპეციალურად არის მოფიქრებული ფსიქოლოგების და პედაგოგების მიერ. ბავშვის ფიზიკური და სივრცითი რეაბილიტაცია არის უმთავრესი.“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად