Baby Bag

„ბავშვები აუცილებლად უნდა ჩავრთოთ კერძების მომზადების პროცესში,“ - სოფო ხალვაშის ხრიკები შვილების ჯანსაღი კვებისთვის

მომღერალმა სოფო ხალვაშმა „იმედის დღეში“ იმ სტრატეგიებსა და ხრიკებზე ისაუბრა, რომელთა დახმარებით შვილებს ჯანსაღი კვების პრინციპებს აცნობს:

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბავშვებს არ უყვართ ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტები. საკვები ჩვენ ისე უნდა შევფუთოთ, რომ მათთვის დასაგემოვნებლად სასურველი გავხადოთ. მე ჩემს მიდგომებს ვიყენებ, რომლებსაც გაგიზიარებთ. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ბავშვს უნდა ავუხსნათ, რა არის ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტი. დღეს არის იმის საშუალება, რომ ჩვენს შვილებს ვიდეოების სახით ვაჩვენოთ ეს პროდუქტები. ამასთან ერთად, ბავშვები აუცილებლად უნდა ჩავრთოთ კერძების მომზადების პროცესში. მათთვის მომზადების პროცესი ძალიან საინტერესოა. როდესაც ბავშვები კერძს თავად ამზადებენ, ძალიან აინტერესებთ, როგორი გამოუვიდათ, გემრიალია თუ არა. ჩვენ საკვებს ხშირად ვუკეთებთ თვალებს, ცხვირს, პირს. ეს ძალიან მარტივია, სხვადასხვა ბოსტნეული გვაძლევს საშუალებას, რომ ეს გავაკეთოთ. ასეთი ფორმით მირთმეული საკვები მათთვის ძალიან სასურველი და ლამაზია. რაც მთავარია, ბავშვები ჯანსაღ პროდუქტს ეჩვევიან. იგებენ, რა არის სასარგებლო. მე ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა ძალიან გაამართლებს.“

სოფო ხალვაშის თქმით, ჯანსაღი კვების პრინციპების ერთგულებაში მას ხელს მხოლოდ ტკბილეულისადმი განსაკუთრებული სიყვარული უშლის:

„რაც შეეხება ტკბილეულს, აქ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. ტკბილეულთან მიმართებაში მეც მჭირდება რჩევები. ვცდილობ, უფრო ხარისხიანი შოკოლადი ვუყიდო, საყიდლებზე მე წავიდე და ბავშვები არ წავიყვანო. მაღაზიაში ტკბილეული ისეა განლაგებული, რომ ბავშვებს ყველაფრის აღება შეუძლიათ. როდესაც ბავშვი შოკოლადს ძილის წინ მიირთმევს, ეს ძალიან ცუდია, რადგან ტკბილეული ძილს აფერხებს. აქაც მნიშვნელოვანია ავუხსნათ შვილებს, რომ არ შეიძლება, სასარგებლო არ არის და ა.შ. შეიძლება, ბავშვებმა ახსნის შემდეგ შეამცირონ მიღებული ტკბილეულის დოზები.“

„შვილები ყოველთვის გვიყურებენ ჩვენ, მშობლებს, აინტერესებთ, რას ვაკეთებთ და აუცილებლად გვბაძავენ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა გამოვასწოროთ ჩვენი კვების რაციონი და ვიკვებოთ ჯანსაღი პროდუქტებით. უმჯობესია, შვილებმა მოგვბაძონ კარგში, ვიდრე ცუდში.“ - აღნიშნა სოფო ხალვაშმა. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ოჯახის განვითარებაში არსებობს კრიზისები, ეს არის შესაძლებლობა განვითარებისთვის. თუ ვერ დაძლევ და კრიზისი გადაიზრდება ომში, ეს ურთიერთობა ვერ გაგრძელდება,“ - მარინა კაჭარავა

„ოჯახის განვითარებაში არსებობს კრიზისები, ეს არის შესაძლებლობა განვითარებისთვის. თუ ვერ დაძლევ და კრიზისი გადაიზრდება ომში, ეს ურთიერთობა ვერ გაგრძელდება,“ - მარინა კაჭარავა

​​ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ოჯახის ფენომენის შესახებ საუბრობს. მისი თქმით ამქვეყნად უნაკლო არაფერია და იდეალური ოჯახიც არ არსებობს:

„ამ სამყაროში იდეალური და უნაკლო არაფერია. ეს ურთიერთობა არის ორი ადამიანის, ორი ისტორიის, ორი კულტურის, ორი გენეტიკის ურთიერთობა. ორი ადამიანის შეხვედრა, რაც უნდა დიდი სიყვარული იყოს, კრიზისის ელემენტებს შეიცავს. მათ შორის რაღაცების დალაგება უნდა მოხდეს. ემოციას ახასიათებს მთლიანობა, ის მთლიანად იპყრობს ადამიანს, რომელიც შემდეგ კარგად ვერ აზროვნებს. ვინც ადრე შეყვარებული ყოფილა, ახლა შეიძლება უკვირს, რა მომწონდა იმ ადამიანშიო. როდესაც მას უყვარდა, ის იყო მთლიანად შარავანდედში.​ სიყვარული მოლოდინებია, საოცარი გრძნობაა, რომელიც ამშვენებს ცხოვრების მომენტს და ადამიანსაც. ცხოვრებისეულ გამოცდილებაში კი უკვე ძალიან ბევრი პრობლემა მოდის. პრობლემები იწყება ამ ჯახით, რომ ეჯახება ორი სამყარო ერთმანეთს.“

მარინა კაჭარავას თქმით, ოჯახში უმთავრეს პრობლემას პარტნიორებს შორის უპატივცემულობა წარმოადგენს:

„არ ხდება გათვალისწინება, პატივისცემა მეორესი, მისი მიღება. ჩვენ გვინდა, რომ გადავაკეთოთ ის მეორე და გავხადოთ ისეთი, როგორიც გვინდოდა ყოფილიყო. წინასწარ შექმნილი ხატია და მინდა, რომ ადამიანი ამ ხატს დაემსგავსოს, ბეჭზე რომ დავდო ის მინდა, ტატამზე ვარ გამოსული და ვეჭიდავები. როდესაც მოლოდინები არ მართლდება, იწყება ფსიქოლოგიური ძალადობა. ეს მოთხოვნა თუ არ არის შეთანხმება, ის იწვევს საშინელ პროტესტს. ისევე როგორც პიროვნების განვითარებაში, ოჯახის განვითარებაშიც არსებობს​ კრიზისები. არის ერთი წლის კრიზისი, 3-5 წლის კრიზისი, 10-15 წლის კრიზისი და ა.შ. თანაცხოვრებას მოსდევს კრიზისი, რომელიც არის შესაძლებლობა განვითარებისთვის. კრიზისი თავისთავად ნეგატიური არ არის, ის არის ახალ დონეზე გადასვლის შესაძლებლობა, თუ დაძლევ. თუ ვერ დაძლევ და კრიზისი გადაიზრდება ომში, ცემა-ტყეპაში, ეს ურთიერთობა ვერც გაგრძელდება.“

​მარინა კაჭარავა იმ სამ ფუნდამენტურ პოსტულატს ასახელებს, რომელსაც ოჯახის სიმტკიცე უნდა ემყარებოდეს:

„ძალიან მნიშვნელოვანია სამი ფუნდამენტური პოსტულატი. მთავარია, ადამიანი მიიღო ისეთი, როგორიც არის და არ დაუწყო მას ჭკუის სწავლება, დარიგება, თითის ქნევა. ის უკვე გაზრდილია, ის არ არის პატარა. ჯერ ბავშვს არ უყვარს ეს და მით უმეტეს, დიდს. როდესაც ადამიანს იღებ ისეთს, როგორიც არის, მას თვითონ უჩნდება სურვილი, რომ მოგერგოს და მოგემსგავსოს. რბილი დამოკიდებულება ადამიანს უჩენს ​პატივისცემას და თვითონ ცდილობს ის გააკეთოს, რაც გესიამოვნება, რაც საერთო საქმისთვის კარგი იქნება. მეორე ფუნდამენტური პოსტულატი გახლავთ ემპათია. ადამიანები ასე ცხოვრობენ, რომ არ ჯდება ერთი მეორის ადგილას, არ შედის მის ტყავში. ადამიანი ვერ ითვალისწინებს მეორე ადამიანის მდგომარეობას, მის დაღლილობას, რას განიცდის ის. ყველას აქვს თავისი სიმართლე. ცოლ-ქმარი რომ ეყრება ერთმანეთს, ცოლიც მართალია და ქმარიც მართალია, იმიტომ, რომ მათ აქვთ თავისი ერთი კუთხით ხედვა. ფიგურა რომ დაატრიალო და ყველა მხრიდან შეხედო, ამისთვის საჭიროა ემპათია, მისი თანაგანცდა და სამყაროს დანახვა მისი თვალით, რაც არც ისე ძნელია, თუ მოინდომებ. მესამე პოსტულატია ​გულწრფელობა. ზოგს გულწრფელობა ჰგონია, რომ მოგახლის ყველაფერს: „რას ჰგავხარ, რა გაცვია.“ ეს გულწრფელობა არ არის, ეს ვირობაა, უკაცრავად ამის თქმისთვის. გულწრფელობა არის ემოციებთან თავსებადობა, როდესაც მე გულწრფელი ვარ ჩემს ემოციებთან, როდესაც მე არ გატყუებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობაში. როდესაც ადამიანი ამბობს: „მე ვიცი ახლა შენ რას ფიქრობ,“ ეს ძალიან გამაღიზიანებელია. ამ დროს მან შეიძლება მხოლოდ ივარაუდოს, არ გაღიზიანებთ, როდესაც ვიღაც ასე გელაპარაკებათ? აუცილებლად უნდა იყოს დიალოგი, დიალოგი არის უალტერნატივო. მე თქვენს მაგივრად არც უნდა ვიცხოვრო და არც უნდა ვილაპარაკო.“

„პატარები რომ​ ქორწინდებიან და ორ წელიწადში ყველაფერი იცვლება, სხვა ადამიანს გაჰყვა ქალი და სხვა ადამიანთან ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. ახალგაზრდა გამცემი ვერ არის, ის არის უფრო მიმღები. გაცემა იწყება რაღაც ასაკის მერე. ჯერ უნდა დაიგროვო და მერე უნდა გასცე. ეს ურთიერთობაში რთულია. იმდენად უფუჭდებათ ურთიერთობა შეურაცხყოფით, ლანძღვა-გინებით, ჭკუის სწავლებით, ჭიდაობით, რომ მერე ერთი სხვაგან გარბის და მეორე სხვაგან. კარგი იქნება, რომ სანამ ადამიანები ოჯახს შექმნიან, რაღაც წესებზე შეთანხმდნენ. ადამიანს სივრცეს თუ უკეტავ, ის იხრჩობა ამ დროს. თავისი სივრცე ბავშვსაც კი სჭირდება. დამცირება, ჭკუის დარიგება, კრიტიკა, გამორიცხულია, ამას არავინ იღებს. ყურებში ბამბა აქვს ადამიანს და არ გისმენს უკვე. ბიბლიაში ადამმა რომ შესცოდა, ღმერთმა ჰკითხა, ვაშლი ხომ არ გიჭამიაო. მან იცის, რომ შესცოდა, მაგრამ აძლევს შესაძლებლობას, რომ მოინანიოს. ეს „ხომ არ“ ფორმა არის ძალიან ადამიანური,“ - აცხადებს მარინა კაჭარავა.

წყარო:​ ნაშუადღევს

წაიკითხეთ სრულად