Baby Bag

„სკოლაშიც დადიოდა და გაკვეთილებსაც ესწრებოდა, ყველაფერს ასრულებდა, რაც ევალებოდა,“ – 29 წლის სოფლის რწმუნებული, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა

კასრისწყლის სკოლის დირექტორი ნანუკას შოუში სოფლის რწმუნებულის შესახებ საინტერესო ამბავს გვიყვება. გიორგი ბუღრიძე აცხადებს, რომ რწმუნებული მისი სკოლის მოსწავლეა:

„ამბავი არის ასეთი, რომ შარშან ზაფხულში განცხადების საფუძველზე ჩავრიცხეთ სკოლაში 29 წლის მოსწავლე. მას 9 კლასი ჰქონდა დამთავრებული, ამიტომ ჩვენ კანონი გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მისთვის მოსწავლის სტატუსი აღგვედგინა და აღვადგინეთ კიდევაც. იმ პერიოდისთვის ის რწმუნებული არ იყო. რწმუნებულად დაინიშნა წელს, 2020 წლიდან, როდესაც მიმდინარეობდა ექსტერნები. შარშან ჩვენ ის მეათე კლასში ჩავრიცხეთ. მისი მოთხოვნით მოვახერხეთ კლასის დონის ექსტერნებით დაძლევა. მან მეათე-მეთერთმეტე კლასის პროგრამა დაძლია.“

სკოლის დირექტორის თქმით, რწმუნებულად დანიშვნის დროს რწმუნებული მეათე კლასის მოსწავლე იყო:

„ის ჯერ კიდევ მეათე კლასში იყო, როდესაც სოფლის რწმუნებულად დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ექსტერნების საშუალებით კლასის დაძლევა. რწმუნებული გაკვეთილებსაც ესწრებოდა და სკოლაშიც დადიოდა. რა თქმა უნდა, გაცდენები ჰქონდა, მაგრამ ძირითადად მაინც დადიოდა სკოლაში. ის ექსტერნებზეც გამოცხადდა და ყველაფერს ასრულებდა, რაც სკოლაში ევალებოდა.“

გიორგი ბუღრიძის განცხადებით, სოფლის რწმუნებულის მეუღლეც მისი სკოლის მოსწავლეა:

„რწმუნებულის მეუღლის ასაკი ზუსტად არ ვიცი. ალბათ, 28-29 წლის იქნება. ის ამჟამად მეათე კლასში ირიცხება, წელს დაასრულებს და მეთერთმეტეში გადავა. როგორც მოსწავლეს მას დადებითად ვაფასებ, ნამდვილად არ შემიძლია, რომ უარყოფითად შევაფასო. ჩვენ სკოლაში გვყავდა 37 წლის მოსწავლეც, რომელმაც 8 საგანი ჩააბარა. ჩვენს სოფელს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ იქ სწავლა-განათლების მიღება ჭირდა, აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, როდესაც ადამიანი ამ ასაკში აბარებს გამოცდებს. ყველა გამოცდას ჩვენთან სამინისტროდან ჩამოსული დამკვირვებელი ესწრებოდა.“

„ჩვენთან სწავლობს რწმუნებულის ცოლისდაც, რომელიც მეათე კლასშია.“ - აღნიშნავს კასრისწყლის სკოლის დირექტორი. გიორგი ბუღრიძის თქმით, მოსწავლეებს რწმუნებულის და სხვა უფროსი ასაკის თანაკლასელებისადმი ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვთ. ბავშვები აღნიშნულ ფაქტს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას'' - სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ ისაუბრა

,,სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას'' - სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ ისაუბრა

სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ისაუბრა. 

მისი თქმით, სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას და ამ ეტაპზე მათი სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ იგეგმება:

,,ჯამურად მასწავლებლების ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი არის 65%-მდე, ზოგიერთ სკოლაში მეტად, ზოგიერთში ნაკლებად. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს ეს მაჩვენებელი უნდა იყოს 80%-ზე მეტი. ბოლო მონაცემებით, 150 სკოლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და დაახლოებით 400-მდე კლასი სწავლობს ასევე დისტანციურად, სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით ეს მაჩვენებელი არ არის მაღალი, პროცენტულად დაბალია. კარგია ის, რომ სკოლები ახერხებენ შიდა გავრცელების მართვას, ეს კი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ. 



წაიკითხეთ სრულად