Baby Bag

რა დაემართება კალთაში ჩასმულ ბავშვს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს - ვიდეო

რა დაემართება კალთაში ჩასმულ ბავშვს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს - ვიდეო

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კალთაში ჩასმული ბავშვი დაუცველია:

თუ საბავშვო სამგზავრო სავარძელი სწორადაა შერჩეული წონისა და ზომის მიხედვით და სწორადაა დამონტაჟებული, 60%-დან 80%-მდე იცავს ბავშვს დაზიანებისგან. მნიშვნელოვანია, რომ 135 სანტიმეტრამდე მოზარდებისთვის იყოს გამოყენებული. დღეს იწყება მოსმენა პარლამენტში სამგზავრო საბავშვო სავარძლებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრინციპების დონეზე ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვები უნდა იყვნენ დაცულები მგზავრობის დროს. ჩვენი ინიციატივაა, რომ ამ ქვეყანაში გაჩნდეს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც დაიცავს ბავშვებს მგზავრობის დროს,“ - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, საბავშვო სავარძლების გამოყენებას ტაქსის მძღოლებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჯერჯერობით ვერ დაავალდებულებენ და დაგეგმილი ცვლილება მხოლოდ კერძო ავტომობილებს შეეხება.

იხილეთ ვიდეო, რა დაემართება კალთაში ჩასმულ ბავშვს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს:

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია,“ - მზიკო დალაქიშვილის რჩევები მშობლებს

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს ურჩია, შვილების შესაძლებლობებში გაერკვნენ და მათ იმაზე მეტი არ მოთხოვონ, ვიდრე შეუძლიათ:

„პირველ რიგში, ჩვენი შვილების შესაძლებლობები გავარკვიოთ. ბავშვს მოვთხოვოთ იმის შესაბამისად, რაც მას შეუძლია. მასწავლებელი მყავდა მათემატიკის, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგ ნიშანს მიწერდა ხოლმე. ჩემზე ძლიერებიც არსებობდნენ მათემატიკაში. მე რაღაცებს მპატიობდა და სხვებს არ პატიობდა. კი მიხაროდა ეს, მაგრამ თან მიკვირდა. ძალიან ბეჯითი რომ ვიყავი, ხვდებოდა, რომ აღარ შეიძლებოდა იმაზე მეტს რომ ვცდილობდი, ამას ხედავდა. ამას აფასებდა. მან იცოდა, რომ ამის იქით არ შემეძლო. მე რომ გული არ დამწყვეტოდა, ამით მამხნევებდა, რომ მათემატიკაზე უარი არ მეთქვა.

ბავშვმა პასუხისმგებლობა რომ გამოიმუშაოს, მან პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რას აკეთებს, რისთვის აკეთებს, რას ემსახურება ეს ქმედება და არა ის, რომ ეს უნდა ქნა და ის უნდა ქნა! მშობლების მოვალეობაა, რომ ვალდებულებები, „უნდა“ გადავაქციოთ „მე მინდად.“ ეს შესაძლებელია, ნელ-ნელა, მაგრამ შესაძლებელია. მაგალითად, ყოველ დილით მამა ადრე დგება და მიდის სავარჯიშოდ. ბავშვს აინტერესებს, სად მიდის დილით მამა. ის ინტერესდება და ხვდება, რომ ეს კარგია. მამა უხსნის, ელაპარაკება, რატომ არის კარგი დილას ვარჯიში. მერე ბავშვი ფიქრობს, რომ თვითონაც უნდა სცადოს.

არსებობს მამა, რომელიც ბავშვს ეუბნება: „დილას 8 საათზე უნდა ადგე.“ ბავშვი ფიქრობს, რატომ უნდა ადგეს, ეძინება. ბავშვი ვერ იაზრებს, რატომ უნდა ადგეს,“- მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად