Baby Bag

რა დაემართება კალთაში ჩასმულ ბავშვს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს - ვიდეო

რა დაემართება კალთაში ჩასმულ ბავშვს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს - ვიდეო

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კალთაში ჩასმული ბავშვი დაუცველია:

თუ საბავშვო სამგზავრო სავარძელი სწორადაა შერჩეული წონისა და ზომის მიხედვით და სწორადაა დამონტაჟებული, 60%-დან 80%-მდე იცავს ბავშვს დაზიანებისგან. მნიშვნელოვანია, რომ 135 სანტიმეტრამდე მოზარდებისთვის იყოს გამოყენებული. დღეს იწყება მოსმენა პარლამენტში სამგზავრო საბავშვო სავარძლებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრინციპების დონეზე ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვები უნდა იყვნენ დაცულები მგზავრობის დროს. ჩვენი ინიციატივაა, რომ ამ ქვეყანაში გაჩნდეს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც დაიცავს ბავშვებს მგზავრობის დროს,“ - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, საბავშვო სავარძლების გამოყენებას ტაქსის მძღოლებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჯერჯერობით ვერ დაავალდებულებენ და დაგეგმილი ცვლილება მხოლოდ კერძო ავტომობილებს შეეხება.

იხილეთ ვიდეო, რა დაემართება კალთაში ჩასმულ ბავშვს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს:

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯანმრთელი და წარმატებული შვილების აღსაზრდელად საუკეთესო სტრატეგია მშობლების ბედნიერებაა

ჯანმრთელი და წარმატებული შვილების აღსაზრდელად საუკეთესო სტრატეგია მშობლების ბედნიერებაა

მშობლები გამუდმებით შვილების ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ბავშვების წარმატებისა და ჯანმრთელობისთვის ისინი არნახულ სტრესს უძლებენ. სამწუხაროდ, მშობლების სტრესი შვილებისთვის სარგებლის მომტანი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ის უფროსების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასაც უდიდეს საფრთხეს უქმნის.

ჯანმრთელი და წარმატებული შვილების აღსაზრდელად საუკეთესო სტრატეგია მშობლების ბედნიერებაა. განტვირთვა და საკუთარ თავზე ფიქრი უფროსებს ბავშვებზე ზრუნვაში ძალიან ეხმარება. მშობლები შვილებისთვის იდეალურ როლურ მოდელად უნდა იქცნენ, რომლებიც სამსახურსა და განტვირთვას ერთმანეთს მარტივად უთავსებენ, ამასთან ბედნიერებიც არიან. უახლესი საერთაშორისო კვლევებით დგინდება, რომ ოჯახური ატმოსფერო, სადაც ბავშვი იზრდება, მის ჯანმრთელობაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. პატარებს არასახარბიელო ჯანმრთელობა აქვთ, როდესაც:

  • მშობლები ერთმანეთთან გამუდმებით ჩხუბობენ.
  • მშობლები პრობლემების ერთობლივად მოგვარებას არ ცდილობენ.
  • ბავშვებს მშობლების სითბო აკლიათ.
  • მშობლები შვილებს ზედმეტად აკონტროლებენ და მათ არარეალური მიზნების მიღწევას ავალდებულებენ.
  • მშობლებს მოთმინების უნარი არ აქვთ და ემოციური სტაბილურობა აკლიათ.


​ბავშვი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ იზრდება. ის მათ გარემოცვაში თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს. ბავშვის ნერვული და ფსიქოლოგიური სისტემის ჯანსაღად ფუნქციონირება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პირნათლად ასრულებენ მშობლები დაკისრებულ მოვალეობას. ბავშვი, რომელსაც მზრუნველი და თბილი მშობლები ზრდიან, სოციალიზაციის პროცესში ემოციურ ტრავმებს ნაკლებად მიიღებს. თუ ბავშვი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც მას ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ არაფერს ასწავლიან და ტოლერანტობის შესახებ არაფერი იცის, ის სოციალიზაციის პროცესში ძალიან ბევრ ტრავმას მიიღებს.

მშობლები, განსაკუთრებით დედები, წარმატებული და ჯანმრთელი შვილების აღზრდას მაშინ ახერხებენ, როდესაც საკუთარი როლი აბედნიერებთ. გარდა ამისა, ძალიან დიდ როლს ასრულებს სოციალური მხარდაჭერაც. აუცილებელი არ არის, რომ ადამიანი მსგავს მხარდაჭერას მხოლოდ მეუღლისგან იღებდეს, ამას მეგობრები, კოლეგები, მეზობლები და ახლობლებიც არაჩვეულებრივად ახერხებენ.

მშობლების მხარდაჭერა ბავშვებსაც შეუძლიათ. როდესაც დედას ან მამას დახმარება სჭირდება, შვილი კი ყურადღებას იჩენს, ეს მშობლების განწყობას მნიშვნელოვნად ამაღლებს, რაც საბოლოოდ ბავშვზე ძალიან დადებითად აისახება. მშობლის მხრიდან გამუდმებული თავგანწირვა, სამსახურისა და თავისუფალი დროის დისბალანსი, ემოციური გადაწვა ოჯახში არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის, რაც ბავშვზე ნეგატიურად ზემოქმედებს. ჯანმრთელი და წარმატებული ბავშვის აღზრდა თუ გსურთ, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება:

  • ბავშვის განვითარების შესახებ ინფორმაცია მოიძიეთ

მშობელი, რომელიც საკუთარ როლში გათვითცნობიერებულია, ნებისმიერ რთულ ვითარებას და კრიზისს მომზადებული ხვდება. თუ ბავშვის განვითარების თავისებურებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეძლებთ, 2 წლის ბავშვის უძილობა და 12 წლის ბავშვის სახლში ტატუთი გამოცხადება საკუთარ თავზე კონტროლს აღარ დაგაკარგინებთ.

  • მიიღეთ რჩევები სხვა მშობლებისგან

ნათესავებს, მეგობრებს, ინტერნეტ ფორუმზე დარეგისტრირებულ მშობლებს ან სრულიად უცხო ადამიანებს, რომლებსაც ბავშვების სათამაშო მოედანზე ხვდებით, თქვენი პრობლემები გაუზიარეთ, მიიღეთ მათგან რჩევები, რომლებიც, შესაძლოა, ძალიან გამოგადგეთ.

  • გახსოვდეთ, რატომ გახდით მშობელი

მშობლობა ადამიანის გაცნობიერებული არჩევანია. როდესაც კარგად გესმით, თუ რატომ გადაწყვიტეთ, შვილი გყოლოდათ, სტრესთან გამკლავება აღარ გიჭირთ.

  • სამსახური და თავისუფალი დრო დააბალანსეთ

არ არსებობს იდეალური ბალანსი, რომლის დაცვაც ყველა მშობელს მოეთხოვება. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, თქვენი თავისუფალი დროის ხანგრძლივობაც შეიცვლება. აუცილებლად იზრუნეთ საკუთარ თავზე. თქვენი დრო ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურში წასვლამდე ყავის დალევა შეძლოთ, დღის განმავლობაში ვარჯიშისთვისაც გამონახოთ დრო და მაქსიმალურად განიტვირთოთ. ვალდებული არ ხართ, რომ მთელი თქვენი დრო სამსახურსა და ბავშვებს მოახმაროთ.

მშობლებმა ნებისმიერი სტრატეგია უნდა გამოიყენონ, რათა ოჯახში ბედნიერი ატმოსფერო შექმნან. ამ გზით ისინი საკუთარი შვილების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას შეუწყობენ ხელს.

მოზმადებულია​ psychologytoday.com- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად