Baby Bag

„ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

„ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

გადაცემა „მთავარი ექიმი“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი, გიორგი გვარჯალაძე თავის უფროს ქალიშვილზე, ლენოზე საუბრობს:

ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი. რაღაც ასაკამდე ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით... სიყვარულით სავსე ურთიერთობა გვქონდა, სანამ გარდატეხის პერიოდი არ მოვიდა...

ძალიან რთული იყო ლენო იმიტომ, რომ იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი, მიღებული წესებით მასთან ურთიერთობა არ გამოდიოდა. ვერ შევთანხმდით რაღაცებზე, ღამე სახლიდან გასვლებზე, ტელეფონის გამორთვაზე... 

ლენოს ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები. მეც მქონდა ბავშვობაში და გადარჩენილი ვარ. მე მეგონა, რომ ვერ იზამს, მე ხომ ვერ ვქენი...

ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ. მე წამოვედი სტუდიაში. სახლიდან გამოსვლის წინ უნდა ჩავეხუტო ყველას, ვაკოცო, ყველას მშვიდი ღამე ვუსურვო... გასვლის წინ ნინის (უმცროს შვილს) ჩავეხუტე, ლულუს (მეუღლეს)... პროცედურა მოითხოვს, რომ ლენოსაც, მაგრამ როგორ, ლენოს ხომ ვეჩხუბე... ისე მინდოდა წესის დარღვევა და ლენოს ჩახუტება. მინდოდა მეთქვა, ნუ გეშინია, მა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მალე გადავლახავთ ამ ერთ-ორ კრიზისულ წელს და ისევ ისეთი მეგობრები ვიქნებით, როგორც ვიყავით ორი წლის წინ... ვერ მოვითმინე და მის მაგივრად ნინის ჩავეხუტე მეორედ...“ - იხსენებს გიორგი გვარჯალაძე.

მე-9 კლასელმა ლენომ ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარი შიშებისგან განკურნებას ცდილობს,“ - ნათია ფანჯიკიძე

„დედა, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად ზრუნავს საკუთარ  თავზე, საკუთარი შიშებისგან განკურნებას ცდილობს,“ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ იმ დედების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც შვილებთან მიმართებაში ჭარბი შფოთვა ახასიათებთ. მან აღნიშნა, რომ ჰიპერმზრუნველობით დედა შვილს ბოჭავს:

​დედა, რომელიც ზრუნავს ბავშვზე, რეალურად ის პროეცირებს, ის ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარი შიშებისგან განკურნებას ცდილობს ამ გზით. როდესაც დედა ბავშვს ეუბნება: „ფრთხილად იყავი, არ წაიქცე,“ მას ჰგონია, რომ ამით დაიცვა ბავშვი. სინამდვილეში ამით მან ბავშვს დაუბლოკა სხეულებრივი მოძრაობა, გახადა მოუქნელი. შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ეს ბავშვი უმიზეზოდ ეცემოდეს პარკეტზე.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, ზედმეტი სიფრთხილე და შფოთვა ადამიანს ხელს უშლის დასახული მიზნის მიღწევაში და მისთვის ნეგატიური შედეგის მომტანია:

„ამით ​დედამ აუცილებლად გაზარდა იმის შანსი, რომ ბავშვი წაიქცეს. ზედმეტმა სიფრთხილემ შეკრა სხეული. ბავშვობაში ყველას გვიტრიპაჩია. დავუშვათ რაღაც წვრილ მილზე უნდა გამევლო მდინარის თავზე. ძალიან მინდოდა, რომ ვინმესთვის მეჩვენებინა, რა ყოჩაღი ვარ. იმ წუთას ხდება მობილიზება და ისე გაირბენ ამ მილზე ფარფატით, რომ ყველას ეგონება თითქოს თოკზე სიარულში ივარჯიშე. თუკი დავფიქრებულვარ, რომ ახლა ფეხი არ ჩამივარდეს, აუცილებლად იკარგება კონცენტრაცია. ამ სიფრთხილეში და წონასწორობის ცნობიერ პროცესში ზედმეტად გადატანისას მოგდის მარცხი.“

„გაბედულება ეს არის რისკისგან დაცვა და არა პირიქით. დედამ რა უნდა ქნას ამ დროს?! თუ დედას ეს გაცნობიერებული აქვს და აწუხებს, ეს უკვე კარგია. ასეთ დროს ადამიანი შეძლებს, რომ დაიცვას თავისი შვილები ამისგან. ​როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს, მაშინ გასაჭირში ვართ. თუ ადამიანი აცნობიერებს პრობლემას, მაგრამ თავს მაინც ვერ თოკავს, მაშინ, რა თქმა უნდა, სჯობს მშობელმა გაიაროს ფსიქოთერაპია მომავალში შვილებში პანიკური აშლილობის განვითარების თავიდან ასაცილებლად,“ - აღნიშნული საკითხის შესახებ ნათია ფანჯიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად