Baby Bag

„ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

„ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

გადაცემა „მთავარი ექიმი“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი, გიორგი გვარჯალაძე თავის უფროს ქალიშვილზე, ლენოზე საუბრობს:

ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი. რაღაც ასაკამდე ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით... სიყვარულით სავსე ურთიერთობა გვქონდა, სანამ გარდატეხის პერიოდი არ მოვიდა...

ძალიან რთული იყო ლენო იმიტომ, რომ იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი, მიღებული წესებით მასთან ურთიერთობა არ გამოდიოდა. ვერ შევთანხმდით რაღაცებზე, ღამე სახლიდან გასვლებზე, ტელეფონის გამორთვაზე... 

ლენოს ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები. მეც მქონდა ბავშვობაში და გადარჩენილი ვარ. მე მეგონა, რომ ვერ იზამს, მე ხომ ვერ ვქენი...

ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ. მე წამოვედი სტუდიაში. სახლიდან გამოსვლის წინ უნდა ჩავეხუტო ყველას, ვაკოცო, ყველას მშვიდი ღამე ვუსურვო... გასვლის წინ ნინის (უმცროს შვილს) ჩავეხუტე, ლულუს (მეუღლეს)... პროცედურა მოითხოვს, რომ ლენოსაც, მაგრამ როგორ, ლენოს ხომ ვეჩხუბე... ისე მინდოდა წესის დარღვევა და ლენოს ჩახუტება. მინდოდა მეთქვა, ნუ გეშინია, მა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მალე გადავლახავთ ამ ერთ-ორ კრიზისულ წელს და ისევ ისეთი მეგობრები ვიქნებით, როგორც ვიყავით ორი წლის წინ... ვერ მოვითმინე და მის მაგივრად ნინის ჩავეხუტე მეორედ...“ - იხსენებს გიორგი გვარჯალაძე.

მე-9 კლასელმა ლენომ ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგიერთი მშობელი ამბობს: „არც მე მიყვარდა წვნიანი და რა მოხდა?!“ არ არის ეს სწორი მიდგომა,“ - ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი

„ზოგიერთი მშობელი ამბობს: „არც მე მიყვარდა წვნიანი და რა მოხდა?!“ არ არის ეს სწორი მიდგომა,“ - ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა ბავშვის ტვინის ჯანსაღი განვითარებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დედამ ორსულობის პერიოდიდან უნდა დაიწყოს:

„ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფუძველი ეყრება ორსულობისთანავე. როდესაც საუბარია ორსულ მდგომარეობაში სწორ კვებაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს საიდან მიიღებს დედა ენერგიას. ნუტრიენტთა 60 %-ს განვითარებადი ტვინი რომ სწორად შერჩეული, ​დაბალანსებული რაციონიდან მიიღებს, ამას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმისთვის, რომ თავის ტვინი სწორად და ჯანმრთელად განვითარდეს.“

ქეთი ასათიანის თქმით, ბავშვისთვის რთულია სწორი კვების მნიშვნელობის გააზრება, რის გამოც აუცილებელია, მშობელმა გარკვეულ ხრიკებს მიმართოს, რათა ბავშვმა ჯანსაღი საკვები მიირთვას:

„როდესაც ხდები დედა, უფრო მეტად უფიქრდები რა მიირთვას, როგორ მიირთვას, რა რაოდენობით მიირთვას, ​დღის რომელ მონაკვეთში მიირთვას ბავშვმა. მშობლისთვის შვილის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ზრდასრულ ადამიანს რომ აუხსნა, რატომ სჯობს მიირთვას ხილი, ბოსტნეული, რატომ არის კარგი ყველაფერი ორთქლზე მომზადებული და არა ტრანსცხიმებით, მათ უჭირთ ძალიან ხშირად ამის გაანალიზება. ბავშვისთვის ეს ორმაგად უფრო რთულია. დედას ხშირად აქვს ასეთი არჩევანი: მოიგოს ბავშვის გული თუ მის ჯანმრთელობაზე იფიქროს?! აქ გვმართებს ფანტაზიის ჩართვა. როდესაც პროდუქტი ჯანსაღია, მაგრამ ბავშვს მისი მირთმევის არანაირი განწყობა არ აქვს, შეგვიძლია ერთგვარ ხრიკებს მივმართოთ.“

ქეთი ასათიანმა აღნიშნა, რომ დედის კვება ბავშვის ჯანმრთელობასა და კვებით ჩვევებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს:

„დედის კვება განსაზღვრავს ბავშვის ჯანმრთელობას და მის კვებას. ჩატარდა საინტერესო კვლევა, სადაც ორსულების ერთი ჯგუფი იღებდა განსაზღვრული რაოდენობით სტაფილოს, მეორე ჯგუფი მეძუძურობის დროს იღებდა სტაფილოს, მესამე ჯგუფმა მოარიდა თავი სტაფილოს მიღებას. რამდენიმე თვის შემდეგ, ​როდესაც ბავშვს უკვე მყარი საკვების მირთმევა შეეძლო, იმ ჯგუფის შვილებს, რომელიც თავს არიდებდა სტაფილოს, არ ჰქონდა მოთხოვნილება სტაფილოზე, ხოლო დანარჩენი დედების შვილები სიამოვნებით მიირთმევდნენ სტაფილოს.“

„ხშირად გვსმენია: „ჩემი შვილი წვნიანს არ მიირთმევს, უარს ამბობს, არაფრით არ უნდა იყოს შიგნით შერეული ხახვი, მწვანილი.“ ნაწილი მშობლების თანახმაა, რომ ეს წვნიანი გაწუროს, მოაშოროს ყველაფერი, ოღონდ ბავშვმა მიირთვას. მეორე ნაწილი ხელს იქნევს. იხსენებს თავის ბავშვობას: „​არც მე მიყვარდა წვნიანი და რა მოხდა?!“ არ არის ეს სწორი. მოხდა! შეიძლება ყოველდღიურად არ შევთავაზოთ ბავშვს წვნიანი, მაგრამ განსაზღვრული პერიოდულობით, სხვადასხვა ინგრედიენტების შეთავაზებით, რა თქმა უნდა, გამოვუმუშავებთ ბავშვს სწორი კვების ჩვევას ისევ მისი ჯანმრთელობისთვის, რომ ბავშვმა წვნიანის გემო იცოდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად