Baby Bag

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება... მე დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია,“- ნანა ლორთქიფანიძე დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ

ცნობილმა მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიასახლისობას პროფესიად თვლის, რომელსაც უდიდესი ენერგია სჭირდება. ქალბატონი ნანას თქმით, ის ოჯახის წევრებს ძალიან ანებივრებს და სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია:

„აქ მოსვლამდე უკვე სახლში სამნაირი სადილის გაკეთება მოვასწარი. რატომ სამი? იმიტომ, რომ ერთს არ უყვარს წვნიანი, მეორეს არ უყვარს ხორციანი, მესამეს არ უყვარს ხახვიანი და მეც მათ გემოვნებას და მოთხოვნებს ვერგები რაღაცნაირად. იმ დიასახლისებს, რომლებიც მუშაობენ, ძალიან დაკავებულები არიან, სახლშიც უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი. მე განსაკუთრებით ვუთანაგრძნობ იმ დიასახლისებს, რომლებიც არ მუშაობენ, სულ სახლში არიან და სულ საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულები. რა ხდება ამ დროს? თუ ქალი სულ სახლშია, საქმე არასდროს არ თავდება.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება. მე პირადად დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, თავდადება, შრომა და დრო.

ჩვენ თვითონ ვანებივრებთ და ვაჩვევთ ამას ჩვენს ოჯახის წევრებს. მე პირადად უკვე ყველაფერს ვაკეთებ ავტომატურად. აი, მაგალითად, ერთი შვილიშვილი დამიძახებს ერთი ოთახიდან: „ბე, წყალი მომიტანე რა...“ გავქროლდები და მივუტან. მერე მეორე დამიძახებს: „რამე ტკბილი არ გვაქვს?“ გავქროლდები და მივუტან. თუ არ გვაქვს, ჩავირბენ მაღაზიაში და ამოვუცუნცულებ რამეს. მე თვითონ არ შემიძლია, რომ არ გავაკეთო. თვითონ ვარ ასეთი,“- მოცემულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ტირის ბავშვი და მწუხარე სახე აქვს, შეიძლება დედაც შეწუხდეს და იგივე ემოცია გადასცეს,“ - ნინო ელბაქიძე დედის ჩვილთან ურთიერთობის სწორ მიდგომებზე

„როდესაც ტირის ბავშვი და მწუხარე სახე აქვს, შეიძლება დედაც შეწუხდეს და იგივე ემოცია გადასცეს,“ - ნინო ელბაქიძე დედის ჩვილთან ურთიერთობის სწორ მიდგომებზე

ფსიქოლოგმა ნინო ელბაქიძემ დედასა და შვილს შორის ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში არსებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„დედა-შვილის ურთიერთობაში პირველ სამ წელს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ფსიქოანალიტიკოსები ამაში დაგვეთანხმებიან. ფსიქოანალიზი ამბობს, რომ დედა და ჩვილი სამ წლამდე ერთნი არიან. ​ბავშვი ასე აღიქვამს, რომ დედ​ა და ის ერთნი არიან.“

ნინო ელბაქიძის თქმით, სამი წლიდან ბავშვი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ის და დედა დამოუკიდებელი პიროვნებები არიან:

„სამი წლიდან ხდება გამოყოფა, რომ მე ცალკე ვარსებობ და დედა ცალკეა. როდესაც მე მინდა, რომ ბავშვს ვასწავლო საკუთარ ემოციებთან შეხვედრა, საკუთარ ემოციურ ნაწილთან კომუნიკაცია, მნიშვნელოვანია, რომ დასაწყისიდანვე ავირეკლო ემოციები. დედას თავად სჭირდება ემპათიის უნარი, რომ სწორად ამოიცნოს, რას გრძნობს ჩვილი ბავშვი და უპასუხოს იმავე ემოციით.“

​როდესაც ტირის ბავშვი და მწუხარე სახე აქვს, შეიძლება დედაც შეწუხდეს და იგივე ემოცია გადასცეს. ამ პერიოდში სწორედ არავერბალური გაცვლა ხდება ინფორმაციის დედასა და შვილს შორის. მე თავიდანვე ვსწავლობ კომუნიკაციას ჩემს თავთან. თუ ვიცი მე სად ვარ, მარტივად შემიძლია გავარჩიო მე სად ვარ და სხვა სად არის. ჩვილობის ასაკში სწორედ დედა მეხმარება ჩემს ემოციებთან კომუნიკაციაში. როდესაც სხვა ადამიანში ვხედავ ჩემნაირ ემოციას, შეიძლება ამან კათარზისი გამოიწვიოს,“ - აღნიშნა ნინო ელბაქიძემ.

წყარო: „აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად