Baby Bag

„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,საბოლოოდ, თითქოს ცოდნის შედეგს აფასებ, მაგრამ პროცესს უნდა აფასებდე. პროცესი ფასობს, ის თუ რას აკეთებს, რამდენად მონდომებულია ბავშვი''

,,საბოლოოდ, თითქოს ცოდნის შედეგს აფასებ, მაგრამ პროცესს უნდა აფასებდე. პროცესი ფასობს, ის თუ რას აკეთებს, რამდენად მონდომებულია ბავშვი''

როგორ აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ ნიჭი ბავშვებში - თემაზე პედაგოგი რუსუდან აბრამიძემ პირველი არხის გადაცემა ,,დღის კოდში'' ისაუბრა. 

მისი თქმით, სახელმძღვანელოები რომ შედგება, უნდა გათვალონ ყველა კატეგორიის ბავშვზე, უნდა იყოს გათვლილი ბავშვზე, რომელიც საშუალო  შესაძლებლობისაა და ბავშვზე, რომელიც ძალიან ნიჭიერია:

,,სასწავლო პროცესი უინტერესო ხდება ძალიან ნიჭიერი ბავშვისთვის, თუ მას რამე განსხვავებული არ შესთავაზე. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ბავშვი, რომელსაც ეს განსაკუთრებული ნიჭი, ამ კონკრეტულ საგანში არა აქვს, არ დაიჩაგროს. რაც მოეთხოვება იუპიტერს, ის არ მოეთხივება ხარს, ეს ყველგან მუშაობს. ვიღაცას მაღალ ნიშანს უწერ შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებაში, მაგრამ ვიღაცას იმავე ნიშანს უწერ კიდევ უფრო სხვაში - ამას უკვე ინტუიციურად ატყობ მასწავლებელი. საბოლოოდ, თითქოს ცოდნის შედეგს აფასებ, მაგრამ პროცესს უნდა აფასებდე. პროცესი ფასობს, ის თუ რას აკეთებს, რამდენად მონდომებულია ბავშვი. ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი შეიძლება, იყოს შეფასებული უმაღლესი ქულით? აბა დავფიქრდეთ, ალბათ, არა,'' - აღნიშნა რუსუდან აბრამიძემ. 

წაიკითხეთ სრულად