Baby Bag

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

„ბავშვმა ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში შაქრის შემცველი პროდუქტების გამოყენების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაუშვებელია ბავშვებისთვის ფაფების დატკბობა:

„ფაფების დატკბობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შაქარი და მარილი - ეს არის ორი მავნე პროდუქტი. ორივე ადამიანის ჯანმრთელობის ფარული მტერია. მშობლებს კატეგორიულად ვაფრთხილებ ხოლმე, ბავშვმა მინიმუმ ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული. არანაირი დამტკბარი ფაფა! ბავშვს ვაძლევთ მხოლოდ მარცვლეულის ფაფას. თავიდან ვიწყებთ ურძეო ფაფებით და ნელ-ნელა გადაგვყავს რძიან ფაფებზე. ​არავითარი შაქრის დანამატი არც ფაფაში და არც შემდგომ სხვა საკვებ პროდუქტებში არ უნდა იყოს.“

ანა მაღრაძის თქმით, ტკბილეული ორ წლამდე ასაკის ბავშვებში კატეგორიულად იკრძალება:

„ტკბილეულს კატეგორიულად ვკრძალავთ ორ წლამდე. ​დღის განმავლობაში შაქრის რაოდენობა მაქსიმუმ 30-40 გრამია. ამაზე მეტი რაოდენობის შაქარი არ უნდა მიიღოს ბავშვმა. ტკბილეულის სახით ბავშვი არანაირ ტკბილს არ უნდა იღებდეს მინიმუმ ხუთ წლამდე ასაკში, არანაირ ტკბილ სითხეს, არანაირ ტკბილ საკვებ ნივთიერებას, მათ შორის ოჯახში გამომცხვარ კექსებს. ხშირად ამბობენ ხოლმე: არ ვყიდულობ, მაგრამ სახლში ვუკეთებ. სახლში გაკეთებულიც არ უნდა იყოს შაქრის შემცველობით. კი ბატონო, გაუმზადეთ ბავშვს სახლში ორცხობილა თუ ნამცხვარი, ოღონდ გააკეთეთ შაქრის გარეშე. თუ გინდათ, რომ არომატი ჰქონდეს, გაუკეთეთ ცოცხალი ხილი.“

„შაქარი არღვევს მეტაბოლიზმს ორგანიზმში, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინსულინი, ხდება ინსულინარული აპარატის გამოფიტვა. ეს შეიძლება იყოს მომავალში დიაბეტის წინაპირობა,​ ბავშვობის ასაკში კი სიმსუქნის წინაპირობა. ბავშვთა ასაკში განვითარებული სიმსუქნე, მოზრდილ ასაკში სწორედ დიაბეტის განვითარების წინაპირობაა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ანა მაღრაძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად