Baby Bag

„მე ვიცი ბავშვები, რომლებსაც კოკა-კოლა რომ დაუდგა, არ სვამენ, მშობლებისგან ისე აქვთ ეს ახსნილი,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანის თავისუფალი ნების სწორი მიმართულებით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ადამიანებმა თავისუფლება დაარქვეს იმას, რაც მათ უნდათ. სურვილს აყოლა ჰგონიათ ადამიანებს თავისუფლება. ეს სურვილის თავისუფლება პირიქით, შეიძლება დამღუპველიც იყოს ადამიანისთვის და გამანადგურებელიც იყოს მისთვის. პავლე მოციქულს აქვს საოცრად აღწერილი ეს თავისუფლებასთან დაკავშირებით. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს ასეთ რამეს, რომ მე ყველაფრის კეთება შემიძლია, მაგრამ ის, რისი კეთებაც შემიძლია, ყველაფერი სასარგებლო არ არის. მე გავარკვევ რა არის სწორი და მხოლოდ იმას გავაკეთებ, რაც სასარგებლოა.

ხშირად სასარგებლო, რაც სწორია და კარგია, შესაძლოა, შენს სულ არ უნდოდეს, როგორც ბავშვებშია, რომ ცუდი, ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი საკვები უფრო უნდათ, ვიდრე სასარგებლო. დედა რომ უმზადებს კარგ საჭმელს, ბავშვს ამის ჭამა არ უნდა. თუ ის ამას კარგად გაიაზრებს და მშობელიც კარგად აუხსნის, მერე სხვანაირად ფიქრობს. მე ვიცი ბავშვები, რომლებსაც კოკა-კოლა რომ დაუდგა, არ სვამენ, მშობლებისგან ისე აქვთ ეს ახსნილი. ერთმა ბავშვმა მითხრა: „მამაო, ეს ხომ ძალიან ცუდია, რატომ დამისხი? მე მირჩევნია, ნატურალური წვენი დავლიო.“

ბავშვმა ისწავლა უარის თქმა. მშობელმა ისე სწორად, კარგად ასწავლა, თავში კი არ ჩაარტყა იმის გამო, რომ რატომ სვამს კოკა-კოლას, არა! აუხსნა, დააჯერა, კარგად გააგებინა ეს ყველაფერი,“- მოცემულ საკითხზე მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო:​ „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფეხშიშველი სიარული უკეთესია უსწორმასწორო ზედაპირზე, პარკეტზე სჯობს, რომ არა,“ - ორთოპედი ქეთევან გოცირიძე

„ფეხშიშველი სიარული უკეთესია უსწორმასწორო ზედაპირზე, პარკეტზე სჯობს, რომ არა,“ - ორთოპედი ქეთევან გოცირიძე

ორთოპედმა ქეთევან გოცირიძემ ბავშვებში ბრტყელტერფიანობის პრობლემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ტერფის ჯანსაღი განვითარებისთვის აჯობებს, თუ ბავშვი ფეხშიშველი უსწორმასწორო ზედაპირზე ივლის:

„ფეხშიშველი სიარული უკეთესია უსწორმასწორო ზედაპირზე. თუ სახლში ხელოვნურად შევქმნით ამ უსწორმასწორო ზედაპირს, კარგია. პარკეტზე სჯობს, რომ არა. თუ ბავშვი ძალიან კომფორტულად გრძნობს ასე თავს, თუ ჯანმრთელია, შეიძლება ასეც გავუშვათ. თუ ეზოიანი სახლი გვაქვს, ეზოში შეუძლიათ ბავშვებს ფეხშიშველებმა ირბინონ, აგარაკზე ,ზღვის სანაპიროზე ძალიან კარგია. ინდოეთში გააკეთეს ცდა. ორი ჯგუფი გამოიკვლიეს. ერთი ჯგუფი იყო ფეხშიშველი გაზრდილი, მეორე ჯგუფი ჩვეულებრივად ფეხსაცმელში გაზრდილი. აღმოჩნდა, რომ ​იმ ჯგუფში, რომელიც ფეხშიშველი გაიზარდა სამჯერ უფრო ნაკლები იყო ბრტყელტერფიანობა, ვიდრე იმ ჯგუფში, რომელიც ფეხსაცმლით იზრდებოდა.“

ქეთევან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ტერფის სწორად ჩამოყალიბებისთვის სპორტულ აქტივობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

​იმისთვის, რომ ტერფი სწორად ჩამოყალიბდეს, საჭიროა, რომ ბავშვმა სპორტული აქტივობები აკეთოს. ძალიან კარგია ცურვა, ბატუტზე ხტუნვა. ცოტა ნაკლებად ვურჩევთ ტანვარჯიშს. არ ვუწევთ რეკომენდაციას გაჭიმვებს და გაწელვებს. ამ ბავშვებს ისედაც ზოგადი დისპლაზიის ფონი აქვთ, მოდუნებული აქვთ სახსრები. ეს ზედმეტი დაჭიმვები კიდევ უფრო მეტად აზიანებთ. ფეხის წვერებზე სიარული ძალიან კარგია, ქუსლებზე სიარულიც. შეგვიძლია ეს ვარჯიშები სახლში ვაკეთებინოთ. შეგვიძლია დავუდოთ ფანქარი ან პირსახოცი, რომელსაც თითებით მოიზიდავს თავისკენ. არაჩვეულებრივია ქართული ცეკვა, ოღონდ არაპროფესიონალური, რა თქმა უნდა ,თუ ბავშვს პრობლემა აქვს. თუ პრობლემა არ აქვს და ჯანმრთელია, შეუძლია პროფესიონალი მოცეკვავეც გამოვიდეს.“

ქეთევან გოცირიძის თქმით, ბრტყელტერფიანობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის ცურვა არასდროს იკრძალება:

„თუ საქმე გვაქვს რიგიდულ ბრტყელ ტერფთან, სადაც უკვე ძვლოვანი დეფორმაციაა, კოჭის ძვალი დაშვებულია და უკვე ეხება საყრდენ ზედაპირს, ეს ტკივილს იწვევს და​ სპორტი უნდა შევურჩიოთ. ცურვას არასდროს ვუკრძალავთ ბრტყელი ტერფის დროს. ზედმეტი სირბილი არ გვინდა, ამ დროს ბალეტზე არ გვინდა, რომ შეიყვანონ ბავშვები. ეს ტერფისთვის მეტი დატვირთვაა და ტკივილს უფრო აძლიერებს. ძალიან კარგია ფეხშიშველი ველოსიპედის ტარება, ცხენოსნობა.“

„ბრტყელი ტერფი დახედვითაც კარგად ჩანს. შეგიძლიათ ბავშვს ფეხი დაუსველოთ და ზედაპირზე დაადებინოთ, სადაც ანაბეჭდი გამოჩნდება. როდესაც თაღი არ აღიბეჭდება, ე.ი. ბრტყელტერფიანობასთან გვაქვს საქმე. იმის განსხვავებაც შეგვიძლია ტერფი მოქნილია თუ რიგიდული. ბრტყელტერფიან ადამიანებს უჭირთ დატვირთვა,​ ადვილად იღლებიან. ძირითადად საღამოს სტკივათ ტერფები, როდესაც ბევრს ივლიან. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავის, წელის ტკივილიც,“- ქეთევან გოცირიძემ აღნიშნულ პრობლემაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად