Baby Bag

„მე ვიცი ბავშვები, რომლებსაც კოკა-კოლა რომ დაუდგა, არ სვამენ, მშობლებისგან ისე აქვთ ეს ახსნილი,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანის თავისუფალი ნების სწორი მიმართულებით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ადამიანებმა თავისუფლება დაარქვეს იმას, რაც მათ უნდათ. სურვილს აყოლა ჰგონიათ ადამიანებს თავისუფლება. ეს სურვილის თავისუფლება პირიქით, შეიძლება დამღუპველიც იყოს ადამიანისთვის და გამანადგურებელიც იყოს მისთვის. პავლე მოციქულს აქვს საოცრად აღწერილი ეს თავისუფლებასთან დაკავშირებით. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს ასეთ რამეს, რომ მე ყველაფრის კეთება შემიძლია, მაგრამ ის, რისი კეთებაც შემიძლია, ყველაფერი სასარგებლო არ არის. მე გავარკვევ რა არის სწორი და მხოლოდ იმას გავაკეთებ, რაც სასარგებლოა.

ხშირად სასარგებლო, რაც სწორია და კარგია, შესაძლოა, შენს სულ არ უნდოდეს, როგორც ბავშვებშია, რომ ცუდი, ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი საკვები უფრო უნდათ, ვიდრე სასარგებლო. დედა რომ უმზადებს კარგ საჭმელს, ბავშვს ამის ჭამა არ უნდა. თუ ის ამას კარგად გაიაზრებს და მშობელიც კარგად აუხსნის, მერე სხვანაირად ფიქრობს. მე ვიცი ბავშვები, რომლებსაც კოკა-კოლა რომ დაუდგა, არ სვამენ, მშობლებისგან ისე აქვთ ეს ახსნილი. ერთმა ბავშვმა მითხრა: „მამაო, ეს ხომ ძალიან ცუდია, რატომ დამისხი? მე მირჩევნია, ნატურალური წვენი დავლიო.“

ბავშვმა ისწავლა უარის თქმა. მშობელმა ისე სწორად, კარგად ასწავლა, თავში კი არ ჩაარტყა იმის გამო, რომ რატომ სვამს კოკა-კოლას, არა! აუხსნა, დააჯერა, კარგად გააგებინა ეს ყველაფერი,“- მოცემულ საკითხზე მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო:​ „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,როცა იბადება ბავშვი, ოჯახი დიდ იმედებს ამყარებს მასზე და მის მომავალზე. ბავშვი ხდება ოჯახის ყურადღების ცენტრი და მთავარი საინვესტიციო პროექტი, რის შედეგადაც დიდი ტვირთის ტარება უწევს''

,,როცა იბადება ბავშვი, ოჯახი დიდ იმედებს ამყარებს მასზე და მის მომავალზე. ბავშვი ხდება ოჯახის ყურადღების ცენტრი და მთავარი საინვესტიციო პროექტი, რის შედეგადაც დიდი ტვირთის ტარება უწევს''
რა იწვევს ყველაფრის მიმართ უინტერესობას ბავშვებში და როგორ დავეხმაროთ მათ, რათა განივითარონ შემოქმედებითობა, ლიდერობა და ცნობისმოყვარეობა? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge​-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნატა თუმანიშვილი.

- ხშირად მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილს არაფერი აინტერესებს, არ სწავლობს, არ აქვს მოტივაცია, არ ისწრაფვის სიახლეებისკენ. რამ შეიძლება ასეთი უინტერესობა გამოიწვიოს ბავშვში?

- მინდა მჯეროდეს, რომ ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი და მხოლოდ საუკეთესო სურს მისთვის. ბუნებრივია, როცა იბადება ბავშვი, ოჯახი დიდ იმედებს ამყარებს მასზე და მის მომავალზე. ბავშვი ხდება ოჯახის ყურადღების ცენტრი და მთავარი საინვესტიციო პროექტი, რის შედეგადაც დიდი ტვირთის ტარება უწევს. ამ ყველაფერს ემატება წარმატების მიღწევის და სრულყოფილების კულტი, რომელიც დღესდღეობით წამყვანი თემაა.

ბავშვს ჩვილობიდან ტვირთავენ უამრავი დისციპლინით და სპორტით, სკოლის დაწყებამდე ცდილობენ ასწავლონ ის პროგრამა, რაც მომდევნო სასწავლო წლებზეა გათვალისწინებული, ამგვარი დატვირთვით მშობელი ამზადებს მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს ან ნობელის პრემიის ლაურეატს და როგორც ვიცით, ხშირ შემთხვევაში მსგავსი მოლოდინები არ მართლდება. მშობელი იმყოფება მუდმივ შფოთვაში, რომ მისი შვილი არ არის „სუპერ“ ბავშვი, შვილი კი მუდმივად გადატვირთულია სხვადასხვა წრეზე და მასწავლებლებთან სიარულით.

დღევანდელ დღეს ბევრი მშობელი ცდილობს ადრეული ასაკიდან ასწავლონ წერა-კითხვა და უცხო ენა, ოღონდ ჩვენ გვავიწყდება, რომ სრულყოფილებისკენ ლტოლვა არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ბავშვი მომავალში წარმატებული და ბედნიერი იქნება. მშობელი ხშირად ითხოვს შვილისაგან წარმატებას, რადგან მან უამრავი ენერგია და ინვესტიცია ჩადო ბავშვში.

როდესაც ბავშვი აღწევს პუბერტატს ანუ ხდება მოზარდი, მას ეწყება რთული გარდატეხის პერიოდი. ამ დროს, მოზარდი დაუმორჩილებლობის დემონსტრირებას ახდენს, უამრავი პროტესტი იჩენს თავს და იწყება პრობლემები მშობელთან კომუნიკაციაში. ხშირად მშობელი მოგვმართავს ჩივილით, რომ მის შვილს „არაფერი არ აინტერესებს“, „არაფერი არ უნდა“, სახლიდან არ გადის, არ ჰყავს მეგობრები და უჭირს ურთიერთობის დამყარება. ასეთი შემთხვევების დროს, მოზარდი სრულიად დემოტივირებულია, რადგან ადრეულ ასაკში მას თავზე მოახვიეს ვალდებულებები და არ აცალეს ფიქრი ან ოცნება. მოზარდს არ განუვითარეს უმთავრესი რამ: მიზნის დასახვა და თავისუფალი არჩევანი, რომ თავად მიეღო გადაწყვეტილება, თუ რა უნდა და რისი უნარი გააჩნია? ასეთ ბავშვებს წაართვეს თავისუფალი ნება, მათ უჭირთ დაასახელონ თუ რა მოსწონთ და რა არა. როცა ამ კითხვას ვუსვამ მოზარდს, ის თითქოს კარნახს ელოდება საკუთარი მშობლისაგან. პირადად მე,  ასეთი დამოკიდებულება დიდ ტრაგედიად მიმაჩნია, ვინაიდან იკარგება ბავშვის პიროვნული თვისებები, ითრგუნება კრეატიულობა და მიზანდასახულობა, რადგან მის მაგივრად ჰიპერმზრუნველმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილებები.

- როგორ გავუღვივოთ ბავშვს ინტერესი სხვადასხვა აქტივობის მიმართ?


- მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია განავითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა: შემოქმედებითობა, ლიდერობა და ცნობისმოყვარეობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი რჩება მარტო საკუთარ ფიქრებთან და ოცნებებთან. ოღონდ ნუ ავურევთ თავისუფლებას უდისციპლინობასთან. უნდა არსებობდეს საზღვრები და რბილი კონტროლი, სადაც ​მშობლის „არა“ - არას ნიშნავს და ის მყარია.

- ზოგჯერ ბავშვს სულ სხვა ინტერესები აქვს, ხოლო მშობლები ერთპიროვნულად წყვეტენ თუ რითი დაკავდეს ბავშვი. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ შვილებს ასეთ დროს?

- მე ვურჩევდი ასეთ მშობლებს, მეტი აქცენტი საკუთარ თავზე მიმართონ და გაარკვიონ, თუ რა ცხოვრებისეულ მოდელს სთავაზობენ საკუთარ შვილებს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბავშვი მშობლის ანალოგიურად იქცევა. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - ხარ თუ არა საზგადოებისთვის სასარგებლო? წარმატებული, აქტიური და საინტერესო? რის ეტალონს უქმნით მომავალ თაობებს?

მთავარია კარგად გაიცნოთ თქვენი შვილები და დაინახოთ მათი უნიკალურობა. არასოდეს არ შეადაროთ სხვა ბავშვებს და ხარისხიანად გაატარეთ მათთან მეტი დრო. შედეგად თქვენ არ მოგიწევთ არაფრის დაძალება, იმიტომ რომ გეცოდინებათ - რა უყვარს, რაზე ოცნებობს, რისი ნიჭი გააჩნია, რა გამოსდის კარგად და ამის გათვალისწინებით,  სწორ მიმართულებას მისცემთ ცხოვრებაში.

ესაუბრა მარიამ ჩოქური


წაიკითხეთ სრულად