Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

14 გენიალური ფრაზა ევგენი კომაროვსკისგან

14 გენიალური ფრაზა ევგენი კომაროვსკისგან

ევგენი კომაროვსკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული პედიატრია, რომელიც ბავშვთა აღზრდის საკითხებზე თხუთმეტი წიგნის ავტორია. გარდა ამისა, ცნობილ ექიმს საკუთარი ტელეგადაცემაც აქვს, რომლის დახმარებით ის მშობლებს შვილების მოვლის შესახებ ძალიან საინტერესო რჩევებს აძლევს. ჩვენს სტატიაში ევგენი კომაროვსკის 14 გენიალურ გამონათქვამს გაგაცნობთ.

1. ზრდასრული ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორ უნდა მოავლინოს ბავშვი ამქვეყნად, თუმცა 99,9 % -ს წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა აღზარდოს შვილი.

2. ბავშვის აღზრდით დაკავებული დედის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მამის მოვალეობაა. სწორედ მამა განსაზღვრავს, როგორი იქნება მეუღლის ურთიერთობები მის ნათესავებთან და ახლობლებთან.

3. ბედნიერი ბავშვი, პირველ რიგში, ჯანმრთელი უნდა იყოს,მხოლოდ ამის შემდეგ მოდის კითხვისა და ვიოლინოზე დაკვრის ცოდნა.

4. ბედნიერია ბავშვი, რომლის მშობლები არამხოლოდ შვილის მიმართ გამოხატავენ სიყვარულს, არამედ ერთმანეთის მიმართაც.

5. ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემა პედიატრების გაზრდილი რაოდენობითა და მათი მაღალი პროფესიონალიზმით ვერ გადაწყდება. ბავშვის ჯანმრთელობა მშობლებზეა დამოკიდებული. დედისა და მამის გავლენა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმაზე დიდია, ვიდრე ქვეყნად არსებული ყველა პედიატრისა ერთად.

6. ბავშვი არავისა და არაფრის წინაზე არ არის დავალებული.

7. პირადად მე, ხშირად მოავადე ბავშვის მშობლებს ვურჩევ სახლში ძაღლი იყოლიონ. ძაღლის ყოლა უფროსებს აიძულებს დღეში ორჯერ მაინც გაისეირნონ ბავშვთან ერთად სუფთა ჰაერზე.

8. ბავშვი მთელი წლის განმავლობაში თუ ავადმყოფობდა, ვერ ერთობოდა და მოწყენილი იყო, მას სოფელში, მდინარისა და ტყის პირას დასვენება იმაზე მეტად წაადგება, ვიდრე ზღვის სანაპიროზე ყოფნა, თუნდაც მშობლებმა ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაასვენონ.

9. ნორმალური ბავშვი გამხდარი და აქტიური უნდა იყოს.

10. ბავშვების უდიდესი ნაწილი ჯანმრთელი იბადება, თუმცა მშობლები და ექიმი მათ ჯანმრთელობას ართმევენ.

11. ახალშობილი ისეთივე ბიოლოგიური ობიექტია, როგორიც დათვის ბელი ან მგლის ლეკვი. ბავშვის ცხოვრების საწყის ეტაპზე მის ბიოლოგიურ სიჯანსაღეზე უნდა ვიზრუნოთ, რათა სამომავლოდ მისი სოციალური უნარების განვითარება შევძლოთ.

12. ბავშვის ერთჯერადი საფენების გამოყენების პრინციპი და არსი შემდეგია: ბავშვის საფენების არსებობა არა ბავშვისთვის, არამედ დედებისთვის არის საჭირო.

13. ყველაზე მთავარი ოჯახის ბედნიერება და სიჯანსაღეა. ოჯახი არა ბავშვის, არამედ საკუთარი ინტერესებით უნდა ცხოვრობდეს. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემს შვილს შოკოლადი აჩუქონ, მან კი ის სამ ნაწილად არ გაყოს.

14. მთავარია გახსოვდეთ, რომ სამყაროს ცენტრი თქვენ არ ხართ. სამყაროს ცენტრი ოჯახია. კარგი ადამიანები ყველასთან და ყოველთვის კარგად იქცევიან. გაუზიარეთ სხვებს კარგი განწყობა, გემრიელი საჭმელი, ძვირფასი ნივთები. ნუ იქნებით უხეში და აგრესიული.                     


მომზადებულია ​adme.ru -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა​

წაიკითხეთ სრულად