Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

პოპულარული აპლიკაციის „TikTok“-ის მიმართ ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სავარაუდო ზიანის მიყენების გამო გამოძიება დაიწყო

პოპულარული აპლიკაციის „TikTok“-ის მიმართ ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სავარაუდო ზიანის მიყენების გამო გამოძიება დაიწყო

პოპულარული აპლიკაციის „TikTok“-ის მიმართ ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სავარაუდო ზიანის მიყენების გამო გამოძიება დაიწყო. სოციალური მედია და ტექნოლოგიები ახალგაზრდების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტსა და სოციალურ მედიას განათლებისა და კომუნიკაციის სახით ბავშვებისთვის სარგებელი მოაქვს, მას ისეთი ნეგატიური ასპექტებიც აქვს, რომელიც მშობლებში შეშფოთებას იწვევს.

„TikTok“-ის პოპულარობა პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, როდესაც ადამიანები სახლებში იყვნენ ჩაკეტილები. ის ახალგაზრდებსა და მოზარდებში ამჟამად ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. აშშ-ის რამოდენიმე შტატმა აპლიკაციის მიმართ გამოძიება დაიწყო მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მიყენებული სავარაუდო ზიანის გამო.

შტატები იმ მავნე ზეგავლენის გამოკვლევას გეგმავენ, რომელსაც „TikTok“ მოზარდებსა და ახალგაზრდებზე ახდენს. ცნობილი აპლიკაცია აშშ-ის მთავრობის კრიტიკის ობიექტი მანამდეც ყოფილა. გამოძიების დაწყება კი მის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძაფრებს. პოპულარულ აპლიკაციას ბავშვების დიდი ნაწილი აქტიურად იყენებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლები კარგად იყვნენ ინფორმირებული მისი დადებითი და ნეგატიური მხარეების შესახებ. შტატები, რომლებიც „TikTok“-ის მიმართ გამოძიებას აწარმოებენ შემდეგია: კალიფორნია, ფლორიდა, კენტუკი, მასაჩუსეტსი, ნებრასკა, ნიუ-ჯერსი, ვერმონტი და ტენესი.

გამოძიება აპლიკაციას ალგორითმის გამოყენებით მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ისეთი ვიდეოების შეთავაზებას ედავება, რომლებიც კვებითი აშლილობების, თვითდამაზიანებელი და სხვა სახის სახიფათო ქცევების წახალისებას უწყობს ხელს.

„TikTok“-მა საზოგადოების მრისხანება მანამდეც დაიმსახურა, როდესაც ცნობილი გახდა აპლიკაციაში არსებული სახიფათო გამოწვევებისა და ტენდენციების შესახებ. „TikTok“ გამოწვევებში მონაწილეობა ზოგიერთი მოზარდისთვის ფატალური აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შვილებისგან მიიღონ ინფორმაცია, თუ რას აკეთებენ ისინი აპლიკაციაში და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მათ „TikTok“-ის გამოყენებამ.

წყარო: ​Moms.com

წაიკითხეთ სრულად