Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

„სექსის შესახებ რელევანტური ცოდნის არმიღება მოზარდის უფლებების დარღვევაა“

„სექსის შესახებ რელევანტური ცოდნის არმიღება მოზარდის უფლებების დარღვევაა“

უნდა ტარდებოდეს თუ არა სკოლებში სექსოლოგიის გაკვეთილები, რა ასაკიდან არის მისაღები მოზარდებთან ამ თემაზე საუბარი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ​​MomsEdu.ge-ს სექსოლოგი ზურაბ მარშანია პასუხობს. 

- ბატონო ზურაბ, საქართველოში სექსის თემა მეტ-ნაკლებად ტაბუდადებულია. რა მდგომარეობაა ამჟამად. რამდენად არის თქვენთან მომართვიანობა გაზრდილი?

- სანამ აღნიშნულ კითხვას ვუპასუხებდეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სექსი გლობალური და საყოველთაო თვალსაზრისით არის სიცოცხლის საწყისი. თუ არ არის სექსი, ვერ გამრავლდება ადამიანი. პროკრეატიულის გარდა, მას რეკრეატიული (სიამოვნების) ფუნქციაც გააჩნია. სრულფასოვანი და ჰარმონიული სექსუალური ცხოვრების მეშვეობით, ადამიანი ბედნიერი ხდება, რასაც ნამდვილად იმსახურებს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩვენდა სამარცხვინოდ, მართლაც რომ ტაბუირებულია ეს საკითხი და გვრცხვენია ამაზე საუბარი. მიუხედავად ამისა, მაინც იგრძნობა პროგრესი. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, რომელიც 30 წელზე მეტს მოიცავს, მე ვარ უშუალო მომსწრე იმისა, რამხელა პროგრესი არის ამ მიმართულებით. ყველაზე სენსიტიური თემა არის ქალის სექსუალური დისფუნქციები და ქალის მომართვა სექსოლოგთან დახმარებისათვის. ადრე, ჩემი კარიერის დასაწყისში, გაცილებით განსხვავებულ სიტუაციას ვაწყდებოდი - 1000 პაციენტიდან, მხოლოდ ერთი ან ორი შეიძლება ყოფილიყო ქალი. დღეს ქალების ხვედრითი წილი თითქმის 25-30%-ს უახლოვდება, რაც დამაიმედებელი და სასიხარულოა.

- მიუხედავად ამისა, სექსის მიმართ მაინც არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას?

- უპირველეს ყოვლისა, სქესობრივი განათლების დაბალი დონე, ანუ ინფორმაციის არცოდნა. რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს განპირობებულია წვდომის შეუძლებლობით. შეიძლება, წვდომა არ არის შეზღუდული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთან სხვა პრობლემაა - სურვილიც არ არის, რომ ეს ინფორმაცია მიიღოს. მზაობა არ ჩანს. სამწუხაროდ, არც სამთავრობო სტრუქტურებისგან ჩანს სურვილი.

- ემხრობით თუ არა სკოლებში სექსოლოგიის გაკვეთილების ჩატარებას და ეს შეუწყობს თუ არა ხელს ამ მხრივ განათლების ამაღლებას?

- თუ სქესობრივი განათლება ჯეროვან დონეზე არ აიმაღლა ადამიანმა, მისი სქესობრივი ჯანმრთელობა დაინგრევა და განწირული იქნება ტანჯვისთვის. უცოდინრობა შეზღუდავს მის უნარს, რომ შექმნას ოჯახი და იყოლიოს შვილები. რატომ არ უნდა ისწავლებოდეს? - მაღალ კლასებში, 16 წლის შემდეგ საკმაოდ მისაღებიც კია. პირიქით, რელევანტური ცოდნის არმიღება არის მოზარდის უფლებების დარღვევა.

- თქვენი აზრით, გარდა ამისა, კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში სექსის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება შეიცვალოს?

- ეს არ არის გადაულახავი პრობლემა, მისი გადაჭრა შესაძლებელია დიალოგებისა და კომპეტენტური დისკუსიების მეშვეობით. ყველაფერი გადალახვადია, თუ არსებობს ამისთვის ნება. უბრალოდ, ჩვენთან ერთი ასეთი სენია გავრცელებული: დილეტანტი ადამიანები იმ თემებზე კამათობენ, რაშიც არაფერი არ გაეგებათ.

წაიკითხეთ სრულად