Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

,,მასწავლებელმა ერთხელ ასეთი რამე მიჩურჩულა ყურში, ჩემი ხუთიანები წითლდებიან ორიანების გვერდზე და რა ვქნათო''

,,მასწავლებელმა ერთხელ ასეთი რამე მიჩურჩულა ყურში, ჩემი ხუთიანები წითლდებიან ორიანების გვერდზე და რა ვქნათო''

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სკოლის პერიოდი გაიხსენა და მასწავლებლის შესახებ ისაუბრა, რომელმაც მას საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა: 

,,სწავლა ყველა ბავშვს უყვარს, მაგრამ ვაძულებთ. მეც შემაძულეს. რუსული არ გამაგებინა მასწავლებელმა და მომაყარა ორიანები, მათემატიკაში რაღაც ვერ გავიგე, ისევ ორიანები, მერე ფიზიკა, ქიმია, ვერ ვიგებდი ამ საგნებს და დამხმარე არავინ არ მყავდა. დაშინებული ვიყავი, მეგონა ვერაფერს ვერ ვისწავლიდი. ასე გადავედი მე-6 კლასში ორიანებით. მე-7 კლასშიც ოროსანი გახლდით. მე ახლა იმ ორიანებს ძალიან ვაფასებ, იმ ორიანებმა იყო და იმის გაგებამ, რომ თუ მე არა, მაშ, ვინ მიშველის მე. იმ ორიანებიდან რომ ამოვძვერი, მაშინ გავხდი კაცი. შემდეგ უკვე კარგი მოხდა. მოვიდა მასწავლებელი, რომელიც ჩემთვის იყო დაბადებული, ასე მეგონა მე.''

,,მე ასეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ყველა ბავშვს ერთი მასწავლებელი მოუვა ცხოვრებაში და ყველა მასწავლებელი ერთი ბავშვისთვის არის გაჩენილი ქვეყანაზე, არა იმიტომ რომ თაობები გაზარდოს, არა, ერთი უნდა გაზარდოს. რომელია ეს ერთი, მასწავლებელმა არ იცის, ამიტომ ყველას ისე უნდა მოექცეს, როგორც ერთს. ასეთი მასწავლებელი მომადგა მე, როდესაც ვიყავი მე-7 კლასში, ვარვარო ვარდიაშვილი, ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. მან დამიწერა პირველი ხუთიანები.''

,,არ მეკუთვნოდა და დამიწერა, არ ვიცი რატომ, მას თავისი განზრახვები ჰქონდა. ამ ხუთაინებმა ფრთები შემასხა, მაშ, შემძლებია. რაც მთავარია, ერთხელ ასეთი რამე მიჩურჩულა ყურში, ჩემი ხუთიანები წითლდებიან ორიანების გვერდზე და რა ვქნათო. მასწავლებლის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ ეს ორიანები რაღაცნაირად მომესპო. დავიწყე ჯერ ყველაფრის ზეპირად სწავლა, ზეპირობამ ორიანები გააქრო, სამიანები გააჩინა. მერე ნაზეპირები კიდეც გავიცნობიერე, მე-7 კლასში 4-იანები და 5-იანები მყავდა, მე-9 კლასში უკვე ხუთოსანი ვიყავი, მარტო რუსულში ვიყავი ოროსანი. ვარო მასწავლებელმა ჩემი თავის რწმენა დამიბრუნა, ჩემი თავი მუჭში დავისვი და მაგრად მოვუჭირე ხელი. დედას არ შეეძლო დამხმარებოდა, სხვა მასწავლებლები ამის გამო თავს არ იკლავდნენ. ერთადერთი ვარვარა მასწავლებელი დედის მსგავსი იყო,'' - აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა  ამონაშვილმა გადაცემაში ​„დროება“ ისაუბრა.

წაიკითხეთ სრულად