Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ანალიზი სასურველია ჩატარდეს დილის 8 საათიდან 10 საათამდე ინტერვალში,“ - ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი ნინო ბაკურაძე

„ყველა ანალიზი სასურველია ჩატარდეს დილის 8 საათიდან 10 საათამდე ინტერვალში,“ - ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი ნინო ბაკურაძე

ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტმა ნინო ბაკურაძემ ანალიზებისთვის მომზადების სპეციალური წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ლაბორატორიული კვლევებისთვის იდეალური დრო დილის საათებია, რადგან ორგანიზმი ამ დროს მოსვენებულია:

„ზოგადად მოწოდებულია, რომ ყ​ველა ანალიზი სასურველია ჩატარდეს დილის 8 საათიდან 10 საათამდე ინტერვალში, როდესაც ორგანიზმი არის ყველაზე უფრო მოსვენებული. ის მზადყოფნაშია ტესტირებისთვის. პაციენტი უნდა იყოს უზმო მდგომარეობაში. მას არ უნდა ჰქონდეს მიღებული მედიკამენტი, რომელიც, შესაძლოა, კონკრეტულად მოქმედებდეს ამა თუ იმ პარამეტრზე.“

ნინო ბაკურაძის თქმით, პაციენტმა, რომელიც კონკრეტულ მედიკამენტს იღებს, მისი მიღების გაგრძელების ან შეწყვეტის თაობაზე მკურნალ ექიმთან კონსულტაციები უნდა გაიარონ:

„როდესაც პაციენტი მიდის​ კლინიკურ ლაბორატორიაში კვლევისთვის, აუცილებელია, რომ ექიმს დაეკითხოს: „მე ხვალ მივდივარ ლაბორატორიულ ტესტირებაზე. მივიღო თუ არა ეს მედიკამენტი?“ შეიძლება ჩვენ ვამბობდეთ, რომ მედიკამენტები მოქმედებს კონკრეტულ პარამეტრებზე, მაგრამ, შესაძლოა, ექიმს სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ფონზე აინტერესებდეს ამა თუ იმ პარამეტრის გამოკვლევა.“

„არსებობს თვითონ მედიკამენტების ორგანიზმში დაგროვების უნარი. მე თუ ერთი კვირის განმავლობაში ვსვამ ამა თუ იმ მედიკამენტს, დილით ამ მედიკამენტის არდალევა უფრო არამართებულია. ამ ექვსი-შვიდი დღის განმავლობაში ​მიღებული მედიკამენტის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც გროვდება ჩვენს ორგანიზმში, უკვე მოქმედებს. სწორედ ამიტომ, დილით ამ მედიკამენტის არმიღება ამ შემთხვევაში არამართებულია,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ბაკურაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად