Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

„კენგურუ ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის და მოტორული სფეროსთვის ნამდვილად კარგია,“ - პედიატრი ეკა კანდელაკი

„კენგურუ ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის და მოტორული სფეროსთვის ნამდვილად კარგია,“ - პედიატრი ეკა კანდელაკი

პედიატრმა ეკა კანდელაკმა მცირე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან კენგურუს გამოყენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია, რომ კენგურუ უსაფრთხო იყოს და ბავშვის ტარებისას ის კარგად დავამაგროთ:

„კენგურუ მცირე ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი, რადგან წონის ტარებასთან არის დაკავშირებული. ​მისი გამოყენების რეკომენდაცია არსებობს და არის ძალიან ბევრი ნაირსახეობა. რეალურად კენგურუს რამდენიმე ფუნქცია აქვს. ერთი არის ის, რომ უსაფრთხო უნდა იყოს, რასაკვირველია. თუ ის მაგრდება, უსაფრთხოდ უნდა იყოს დამაგრებული.“

ეკა კანდელაკის თქმით, კენგურუ ბავშვის განვითარებისთვის ძალიან ეფექტიანია:

„მეორე, ​რა აქვს მას განვითარებისთვის? კენგურუს ამ მხრივ აქვს ძალიან ბევრი რამ. ერთი, რომ მოტორული სფეროსთვის და ​ძვალ-სახსროვა​ნი სისტემისთვის ნამდვილად კარგია. განზიდული მენჯ-ბარძაყის სახსარი რეალურად ძალიან გარგია პრობლემის არმქონე ბავშვებში და პრობლემის მქონე ბავშვებშიც, რასაკვირველია.“

ეკა კანდელაკმა აღნიშნა, რომ კენგურუ ხელს უწყობს დედასთან მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას და კოგნიტურ უნარებსაც ავითარებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია სიახლოვე დედასთან, მამასთან ან მომვლელთან, არ აქვს მნიშვნელობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედასთან სიახლოვე, მით უმეტეს, თუ ბავშვი არის ბუნებრივ კვებაზე. ​კენგურუ ხელს უწყობს ე.წ. მიჯაჭვულობას დედასთან. ის ძალიან კარგია კოგნიტური სფეროს განვითარებისთვის. ახლა ბევრი სხვადასხვანაირი კენგურუ არსებობს. არის ჩვეულებრივი, როგორც ადრე იყო, ქამრებზე. ასევე არის ნაჭრები, რომლითაც იმაგრებენ ბავშვს, ის საკმაოდ უსაფრთხოა. ძალიან ბევრი ვარიანტია, როგორ შეიძლება დაამაგრო. ეს თვითონ მშობელზეა დამოკიდებული.“

„რასაკვრიველია, თვითონ დედა ხვდება, თუ რა ასაკამდე გამოიყენებს კენგურუს. ბავშვი მძიმდება და უკვე 6-7 კილოს მერე ეს არის უდიდესი შრომა,“ - ეკა კანდელაკმა აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად