Baby Bag

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთი დედა შვილს აავადმყოფებს პანიკური აშლილობით, ბავშვი განწირულია ამისთვის,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიზე

„ასეთი დედა შვილს აავადმყოფებს  პანიკური აშლილობით, ბავშვი განწირულია ამისთვის,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიზე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ მშობლებს ურჩია თავი შეიკავონ ბავშვის გამო გადაჭარბებულ შფოთვაზე, რათა შვილის ფსიქიკას ზიანი არ მიაყენონ:

„ძალიან ხშირად ადამიანებს შვილები თითქოს ეხმარებიან შიშების გადაძლევაში. ოღონდ შვილი იყოს კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას. საკუთარი უკვდავების იდეის შვილში გადატანა ხდება. სწორედ ასეთ დროს ხდება ადამიანი უფრო „საშიში.“ ის აავადმყოფებს შვილს პანიკური აშლილობით. ამისთვის განწირულები არიან ბავშვები აუცილებლად.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, დედამ შვილის ფსიქიკური დაცვა უნდა უზრუნველყოს:

​დედა, რომელიც არის ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა, უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის ფსიქიკური დაცვის მექანიზმს. ეს არის გარანტია უშფოთველობის, სამყაროს სანდოობის. როგორი დაცულობაც იყო დედის მუცელში, დედამ უნდა შეძლოს, რომ ბავშვს შეუნარჩუნოს იმ პერიოდის მანძილზე, სანამ „ბარტყი“ დასაცავია. დედა, რომელიც შვილს ეუბნება: „გადასასვლელზე არ გადახვიდე, მანქანა არ დაგეჯახოს, არ წაიქცე, ნუ დარბიხარ,“ ბავშვისთის საფრთხის მომტანი ხდება. ამ დროს შვილი სულ დადარაჯებულია, უკვე განიცდის პანიკის შეტევას, რომელსაც ვერ აცნობიერებს. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად დაუპირისპირდება მას ზრდასრულობაში.“

„ყოველი სიტუაციის საფრთხის შემცველ სიტუაციად წარმოსახვა არ შეიძლება. ამაზე საშინელს, ალბათ, ვერაფერს ვერ გავუკეთებთ ჩვენს შვილებს. ​არანაირი სიფრთხილე არ უზრუნველყოფს ჩვენს უკვდავებას და მარცხის გარეშე ყოფნას. მარცხის გარეშე ყოფა არ არსებობს. როგორ შეიძლება არ დარბოდეს ბავშვი იმის შიშით, რომ არ იტკინოს ფეხი?!“ - აღნიშნულ საკითხებზე ნათია ფანჯიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად